ვაქცინაცია

კორონავირუსის ვაქცინით 40 095 პირია აცრილი, ორივე დოზა 3 622-მა ადამიანმა მიიღო

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 40 095-მა პირმა გაიკეთა. გასულ დღე-ღამეში 1 542 ადამიანი აიცრა. ჯამურად აცრილი 40 095 პირიდან, ვაქცინის ორივე დოზა 3 622 მოქალაქემ მიიღო. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო. რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.

Pfizer-BioNTech ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია 16 აპრილს დაიწყო. ჩინური სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება, რეგისტრაციის გავლა კი დღეიდან, 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. სინოფარმით ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები