ვაქცინაცია

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ქვეყანაში COVID-19-ზე ვაქცინაცია შეჩერდება

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მიმღებთათვის რეგრისტრაციის დეტალებთან ერთად ავრცელებს. 

"პფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო". – ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა. 

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა პირმა გაიკეთა. 17 აპრილის მონაცემებით, ჯამურად აცრილია 27 654 ადამიანი. Pfizer-BioNTech ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია 16 აპრილს დაიწყო.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ის ავტორიზაციას გაივლის.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები