ოჯახში ძალადობა

ანა ამილახვარი: ძალადობის გემო კარგად არის მსახიობებისთვის ცნობილი, ნუ გაგიკვირდებათ

Rustaveli Theatre

რუსთაველის თეატრის კიდევ ერთი მსახიობი, ანა ამილახვარი ნინუცა მაყაშვილს გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა.

"ყოველთვის, ყველგან ვიყავი და ვიქნები დაჩაგრულის მხარეს. ვაკონკრეტებ, რომ მხარს ვუჭერ ნინუცა მაყაშვილს და მისი ოჯახის გვერდზე ვიდგები, თუ მათ დასჭირდებათ. კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ ძალადობის გემო კარგად არის ჩვენთვის (მსახიობებისთვის) ცნობილი. ნუ გაგიკვირდებათ, რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ და რა ხალხიც ვართ, იგივე ხდება ყველგან და ყველაფერში". – წერს მსახიობი.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ადანაშაულებს არაერთგზის ცემაში, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ამ ეტაპზე მაყაშვილს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა: ნინო კასრაძემ, რუსკა მაყაშვილმაანა სანაიამ, ანი ბებიამ, გრიგოლ ჟორდანიამ, ნატალია ყულოშვილმა, ლელა მებურიშვილმა, ქეთი სვანიძემ, ეკატერინე დემეტრაძემ, თამთა ინაშვილმა; რეჟისორებმა დათა თავაძემ, ელენე მაცხონაშვილმა, მიშა ჩარკვიანმა და სხვებმა.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუს მიცემიდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "1937 წელი და რეპრესიები ქალებმა დაიწყეს".

კომენტარები