ოჯახში ძალადობა

21 წლის გოგოს თქმით, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ქმარმა და მამამთილმა მასზე იძალადეს

კადრი ვიდეოდან/TV პირველი

ზუგდიდში, 21 წლის გოგო, თამარ ბულია ამბობს, რომ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მისმა ქმარმა და მამამთილმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. ორივე მათგანი დაკავებულია და დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

"ჩემზე მოხდა ძალადობა 17 ნოემბერს, საღამოს. ჩემზე იძალადეს ჩემმა მეუღლემ, დათა პაპავამ და ჩემმა მამამთილმა, კობა პაპავამ. იქ იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილი, ვისი თანდასწრებითაც მოხდა ეს ძალადობა, იმყოფებოდა ჩემი დედამთილი, ეკატერინე კოდუა რომელმაც ატეხა კივილი რომ წაერთმიათ ჩემთვის შვილი. [...] დაზიანებები მაქვს, სილურჯეები მაქვს, ტკივილები მაქვს ძლიერი ზურგის არეში". - ამბობს თამარ ბულია TV პირველთან.

ბრალდებებს უარყოფს დაკავებულის დედა, როგორც ეკა კოდუა ამბობს, 21 წლის გოგომ დაზიანებები მანქანიდან გადმოსვლის დროს მიიღო.

21 წლის გოგოს ადვოკატის განცხადებით, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ და გამომძიებლის თედო თოდუას საქმისთვის ჩამოცილებას მოითხოვენ. ადვოკატის თქმით, გამომძიებელმა დაკავებულის მხარე დაიკავა.

"გამომძიებელმა თედო თოდუამ ყვრილით და მუქარით აიძულა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თამარ ბულია, რომ შვილი ბებიასთვის გადაეცა, არადა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, არანაირი დედის უფლება არაა შეზღუდული". - აცხადებს ადვოკატი TV პირველთან.

ტაბულა დეტალების დასაზუსტებლად შსს-ს დაუკავშირდა, უწყების მიერ ინფორმაციის მოწოდებისთანავე მასალა განახლდება.

კომენტარები