ვაქცინაცია

გამყრელიძე: აცრის შემდეგ ოფიციალურად აღრიცხულია 34 გვერდითი მოვლენა, აქედან 7 უფრო მძიმე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდგომ გვერდით მოვლენა 34 პირს გამოუვლინდა, მათგან 7-ს შედარებით მძიმე ფორმით. ამის შესახებ გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, ჩვენთან არის, ანუ იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია სპეციალური ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება, თუ ასეთი გვერდითი მოვლენა იქნა აღნუსხული. ამ პერიოდში ოფიციალურად აღნუსხულია 34 ასეთი გვერდითი მოვლენა, აქედან 7 უფრო მძიმეა, დანარჩენი შედარებით ნაკლებად მძიმე". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბოლო 24 საათში 928 პირმა გაიკეთა. 12 აპრილის დილის მონაცემებით, ჯამურად აცრილია 20 622 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ის ავტორიზაციას გაივლის.

კომენტარები