პოზნერის ვიზიტი

თინა კანდელაკი პოზნერზე: მრცხვენია იმის, რაც გუშინ თბილისის სასტუმროს წინ ხდებოდა

თინა კანდელაკი
theins.ru

"მრცხვენია იმის, რაც გუშინ თბილისის სასტუმროს წინ ხდებოდა" – ამბობს რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტისა და მისი წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ. თავის Telegram-არხზე კანდელაკმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

"მრცხვენია იმის, რაც ხდებოდა გუშინ თბილისის სასტუმროს წინ, რომელშიც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პოზნერი მივიდა.

ჩვენ, ქართველები, ყოველთვის გამოვირჩეოდით ჩვენი სტუმართმოყვარეობით და ბევრ რამეში შეგვეძლო ეჭვის შეტანა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ვართ. ეს ბავშვობიდან ჩვენი აღზრდისა და მსოფლხედვის ნაწილია.

და აი, მე ვხედავ, რომ ჩვენ მივაღწიეთ სამარცხვინო დამოკიდებულებამდე ადამიანთან, რომელსაც მთელი გულით უყვარს საქართველო. სულ ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ჩემთან, მირანდა მირიანაშვილთან და ვასილი წერეთელთან ერთად იჯდა ვახშამზე და უხაროდა, რომ ცოცხალი ქართული საუბარი ესმოდა. პოზნერმა საქართველოს შესახებ იმ ადამიანებზე მეტი იცის, რომლებმაც უეცრად გადაწყვიტეს თავისი უპატივცემულობა მისი სასტუმროს ფანჯრების წინ გამოეხატათ.

ვწუხვარ, რომ გუშინ არ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ უჯიშო და უტომო კაცუნებს არ მოაშორებდნენ. მოაშორებდნენ და გააბუნძულებდნენ მათ ამ სიტყვების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იქ, სადაც ხალხი პატივს არ სცემს თავის ფესვებს და ითვალწუნებს თავის წარსულს, ცვლის მას წამიერ პოლიტიკურ ამბიციებზე."- წერს კანდელაკი.


ვლადიმირ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება რამდენიმე საათში მოუწიათ ჩარტერული რეისით. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 32 ადამიანი დააჯარიმეს, თუმცა, უწყებაში არ ამბობენ, არის თუ არა მათ შორის პოზნერი. 

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები