ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

პესკოვი პოზნერზე: მივესალმებით ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც აგრესია დაგმო 

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "რუსებმა ცხადად უნდა გაიგონ, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის უსაფრთხო არ არის". 

მისი თქმით, კრემლი მკაცრად გმობს, "ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს".

"ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას".- აღნიშნავს პესკოვი. 

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ს მოქალაქეა და მას საქართველოში შემოსვლით ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. მისივე თქმით, პოზნერის "ვიზიტით ისარგებლეს ნაცებმა, მათი მიზანია დესტრუქცია და საბოტაჟი"


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები