პოზნერის ვიზიტი

კანდელაკი: პოზნერის შემოშვება პოლიტიკურად არაფრით განსხვავდება გავრილოვის შემოშვებისგან

გიორგი კანდელაკი
ტაბულა

"პოლიტიკურად, პოზნერის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება არაფრით განსხვავდება გავრილოვის შემოშვებისგან". - თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა გამართულ ბრიფინგზე. 

მისივე თქმით, პოზნერის პროპაგანდამ საქართველო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ძლიერ დააზიანა. 

"გავრილოვისგან განსხვავებით, იგი შეიძლება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ იგი, რა თქმა უნდა, პროპაგანდის ფრონტზე დასავლეთის მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი მაკოორდინარებელი ფიგურა, რამაც ძალიან დააზიანა საქართველო 2008 წელს". - ამბობს კანდელაკი. 

მისი ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერსა და მის თანმხლებ პირებს საქართველოს შსს-ს მიერ წინასწარ ჰქონდათ საშვები მინიჭებული. მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული იყო შსს მინისტრიც. 

"მთელ ამ დელეგაციას ჰქონდა საშვები მინიჭებული საქართველოს შსს-ს მიერ, მათი ქვეყანაში შემოშვების გადაწყვეტილება მიღებული იქნა უმაღლეს დონეზე, ინფორმირებული იყო შსს-ს მინისტრიც. 

ამან გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება, მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩაკეტილი არიან სახლში". - ამბობს კანდელაკი. 

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და სინამდვილეში არავინ დაუჯარიმებიათ, რადგან მათი შემოსვლის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. 

"ამ ხალხს ჰქონდა წინასწარ მინიჭებული საშვები, ეხლა რომ ლაპარაკობენ დავაჯარიმეთო, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუ არ იცოდნენ, როგორ გამოყვა პოლიციის ესკორტი, როგორ დაიქირავეს ავტობუსი, როგორ გაახსნევინეს რესტორანი". - ამბობს კანდელაკი. 


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება რამდენიმე საათში მოუწიათ ჩარტერული რეისით. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 32 ადამიანი დააჯარიმეს, თუმცა, უწყებაში არ ამბობენ, არის თუ არა მათ შორის პოზნერი. 

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები