პოზნერის ვიზიტი

კანდელაკი პოზნერზე: მთლიან დელეგაციას შსს-ს მიერ წინასწარ ჰქონდათ საშვები მინიჭებული

Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერსა და მის თანმხლებ პირებს საქართველოს შსს-ს მიერ წინასწარ ჰქონდათ საშვები მინიჭებული. მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული იყო შსს მინისტრიც. 

"მთელ ამ დელეგაციას ჰქონდა საშვები მინიჭებული საქართველოს შსს-ს მიერ, მათი ქვეყანაში შემოშვების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმაღლეს დონეზე, ინფორმირებული იყო შსს-ს მინისტრიც. 

ამან გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება, მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩაკეტილი არიან სახლში". - ამბობს კანდელაკი. 

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და სინამდვილეში არავინ დაუჯარიმებიათ, რადგან მათი შემოსვლის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. 

"ამ ხალხს ჰქონდა წინასწარ მინიჭებული საშვები, ეხლა რომ ლაპარაკობენ დავაჯარიმეთო, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. თუ არ იცოდნენ, როგორ გამოყვეს პოლიციის ესკორტი, როგორ დაიქირავეს ავტობუსი, როგორ გაახსნევინეს რესტორანი". - ამბობს კანდელაკი. 

მისი ინფორმაციით, პოზნერთან ერთად მყოფი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იყო მედვედევის უახლოესი მეგობარი მიხაილ კუსნიროვიჩი,  ასევე იმყოფებოდა დავიდ დავიდოვიჩი, რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი.

"გუშინდელ ქეიფს ესწრებოდა მიხეილ კუსნიროვიჩი, რომელიც არის ცნობილი რუსი ბიზნესმენი და მედვედევის უახლოესი მეგობარი, მასთან უშუალოდ დაკავშირებული, აქტიურობდა მედვედევთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. დელეგაციაში ასევე იყო დავით დავიდოვიჩი რომელიც არის რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი და, ასევე, მასთან ძალიან ახლოს აფილირებული პიროვნება". - ამბობს კანდელაკი. 

რაც შეეხება თავად პოზნერს, კანდელაკის თქმით, მთავრობა ვალდებული იყო, რომ პოზნერი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა, რადგან, მისი განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ჟურნალისტის პროპაგანდამ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველოს დიდი ზიანი მოუტანა. 

"პოლიტიკურად, პოზნერის საქართველოს ტეტორიაზე შემოშვება, არაფრით განსხვავდება გავრილოვის შემოშვებისგან. გავრილოვისგან განსხვავებით, იგი შეიძლება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ იგი, რა თქმა უნდა, პროპაგანდის ფრონტზე დასავლეთის მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი მაკოორდინარებელი ფიგურა, რამაც ძალიან დააზიანა საქართველო 2008 წელს". - ამბობს კანდელაკი. 


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით, რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 32 ადამიანი დააჯარიმეს, თუმცა, უწყებაში არ ამბობენ, არის თუ არა მათ შორის პოზნერი. 

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები