ტაივანი-ჩინეთი

ტაივანის საჰაერო ზონაში ჩინეთის 20 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა

26 მარტს ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ჩინეთის 20 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა.

გასული წლიდან ტაივანის საჰაერო ზონაში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები ხშირად, ზოგჯერ ყოველდღიურად იჭრებიან, თუმცა ეს ამ დრომდე ცნობილი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეჭრა იყო. 

ტაივანის თავდაცვის სამინისტრო თვალყურს ადევნებდა სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავების შეჭრას და ისინი გააფრთხილეს. 

26 მარტს ტაივანის საჰაერო ზონაში სხვა თვითმფრინავებთან ერთად იყო 4 ბირთვული H-6K ტიპის ბომბდამშენი და 10 J-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი.

ტაივანის მხარე ამბობს, რომ ეს შემოჭრა უცნაური იყო, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ტაივანმა მიმდინარე კვირაში ყველა სასწავლო წვრთნა შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. 

ტაივანის უსაფრთხოების დაგეგმვაში გათვითცნობიერებულმა პირმა თქვა, რომ ჩინეთის სამხედროები წვრთნებს ატარებდნენ აშშ-ს სამხედრო ხომალდების წინააღმდეგ, რომლებიც ბაშის არხით მიცურავენ. 

პეკინს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ჩინეთის მხარე ამგვარ შეჭრაზე ხშირად ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერია და ხაზს უსვამს ქვეყნის მზაობას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, 26 მარტს, ტაივანმა და აშშ-მ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხელი მოაწერეს პირველ შეთანხმებას, რომლითაც მათ დააარსეს სანაპირო დაცვის სამუშაო ჯგუფი, რათა მათ სანაპირო დაცვის პოლიტიკის საკითხებზე ითანამშრომლონ.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ჩინეთის მიერ იანვარში მიღებულ ახალ, სანაპიროს დაცვის კანონს, რითაც სანაპირო დაცვას უფლება აქვს, უცხოურ გემებს ცეცხლი გაუხსნას. 

მრავალი ქვეყნის მსგავსად, ტაივანსა და აშშ-ს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული არ არის, თუმცა აშშ ტაივანის უდიდესი მოკავშირე და შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

22 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოკიოში შეხვედრისას აშშ-სა და იაპონიის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი-ტაივანის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ. 

ჩინეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტაივანმა შორი დისტანციის რაკეტების მასობრივი წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია 24 მარტს ტაივანის თავდაცვის მინისტრმა, ჩიუ კუო-ჩენგმა, გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ტაბულას სტატიაში - "ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?"

11 მარტს აშშ-ს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ძალების გენერალმა ფილიპ დევიდსონმა რეგიონში არსებულ ჩინეთის საფრთხეზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2050 წლისთვის ჩინეთი ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაცვლებას შეეცდება, მაგრამ მანამდე მათ ტაივანის დაპყრობა დასჭირდებათ. მზარდი სამხედრო შეიარაღებისა და აქტივობის ფონზე, დევიდსონის თქმით, ჩინეთი, შესაძლოა, მომდევნო ექვს წელში ტაივანში შეიჭრას.

კომენტარები