აშშ-ტაივანი

ბაიდენი: აშშ ტაივანის დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში ვიზიტისას, 2024 წლის 12 იანვარი
REUTERS/Leah Millis

ტაივანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ტაივანის დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერს.

"ჩვენ არ ვუჭერთ მხარს დამოუკიდებლობას". - ასე უპასუხა ბაიდენმა ტაივანში შაბათს, 13 იანვარს გამართული არჩევნების შედეგების შესახებ ჟურნალისტების კითხვას.

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა.

DPP-ის გამარჯვების შედეგად მმართველმა პარტიამ ზედიზედ სამი არჩევნები მოიგო, რაც ტაივანის ამჟამინდელი საარჩევნო სისტემისათვის უპრეცედენტოა. ლაის ორი მთავარი კონკურენტი ჰყავდა: ნაციონალისტური კუომინტანგის (KMT) კანდიდატი, ხოუ იუ-იჰი, რომელიც ჩინეთთან კომპრომისულ პოლიტიკას უჭერს მხარს და ტაივანის სახალხო პარტიის წევრი, ტაიპეის ყოფილი მერი, კო ვენ-ჯე. ორივემ აღიარა, რომ დამარცხდა და არჩევნებში ლაიმ გაიმარჯვა. 

მანამდე, ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა 3 დეკემბერს ამომრჩევლებს მოუწოდა გასამართ არჩევნებში ხმის მიცემისას დაფიქრდნენ იმაზე, რა დაემართა ჩინეთის მიერ კონტროლირებად ჰონგ-კონგს და აღნიშნა, რომ მშვიდობის მხარდაჭერა მხოლოდ თავდაცვის გაძლიერებით არის შესაძლებელი. 

AP News-ის ინფორმაციით, ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია ყოფილი მაღალჩინოსნებისგან შემდგარი არაოფიციალური დელეგაციის კუნძულზე გაგზავნას გეგმავს.

არჩევნებში ბაიდენის ადმინისტრაციას ღიად მხარი არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის ან კანდიდატისთვის არ დაუჭერია. თავის მხრივ, პეკინმა ცხადყო, რომ არ სურდა დამოუკიდებლობის მომხრე მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ლაი ჩინგ-ტეს, იგივე უილიამ ლაის გამარჯვება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ტაივანთან გაფორმებული აქვს უსაფრთხოების შეთანხმება, რის საფუძველზეც ვაშინგტონი კუნძულს ჩინეთის მხრიდან პოტენციური შეიარაღებული თავდასხმის შესაჩერებლად საჭირო ტექნიკითა და ტექნოლოგიით ამარაგებს. ბოლო წლებში, პეკინის მხრიდან ტაივანზე სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ზრდასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა ტაიპეის და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერა გააძლიერა.

აშშ-ს მთავრობა კუნძულის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით პოზიციას არ იკავებს, თუმცა მიიჩნევს, რომ უთანხმოება მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ჯო ბაიდენმა აშშ-ში ვიზიტით მყოფ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს უთხრა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერ ცვლილებას ეწინააღმდეგება.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები