აშშ-ტაივანი

ტაივანისადმი ერთგულება ქვასავით მტკიცეა – აშშ-ს არაოფიციალური დელეგაცია ტაიპეიში ჩავიდა

ფოტო ტაიპეის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინგ-ვენისა და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, სტივენ ჰედლის შეხვედრიდან, 2024 წლის 15 იანვარი
Central News Agency/Pool via REUTERS

ტაივანში გამართული არჩევნების შემდეგ, კუნძულზე აშშ-ს არაოფიციალური დელეგაცია ჩავიდა და ტაიპეის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ქვეყნის პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენთან შეხვედრის შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატს, ლაი ჩინგ-ტესაც შეხვდა.

დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, სტივენ ჰედლიმ შეხვედრის დროს ცაის ამერიკელი ხალხის სახელით მისი პარტიის კანდიდატის გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ ტაივანისადმი აღებული ვალდებულებების ერთგულება "ქვასავით მტკიცეა".

"ტაივანის დემოკრატიამ ნათელი მაგალითი მისცა მსოფლიოს... ჩვენთვის პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შეგხვდეთ დღეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ამერიკის ერთგულება ტაივანის მიმართ ქვასავით მტკიცე, პრინციპული და ორპარტიულია და რომ შეერთებული შტატები თავისი მეგობრების გვერდით დგას". - თქვა ჰედლიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით და დასძინა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ტაივანსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც მოუთმენლად ელიან.

მოგვიანებით დელეგაცია ლაი ჩინგ-ტეს, იგივე უილიამ ლაის DPP-ის სათავო ოფისში შეხვდა. შეხვედრის დროს მომავალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების იმედი აქვს. მანვე თქვა, რომ მომავალი ადმინისტრაცია "ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას გააგრძელებს".

ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბაიდენის ადმინისტრაცია ყოფილი მაღალჩინოსნებისგან შემდგარი არაოფიციალური დელეგაციის კუნძულზე გაგზავნას აპირებდა, 11 იანვარს გავრცელდა.

ტაივანში 13 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ, იგივე უილიამ ლაიმ გაიმარჯვა. ის ოფისს 20 მაისს დაიკავებს.

ლაის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აღნიშნა, რომ ტაივანთან არაოფიციალური ურთიერთობის გაღრმავებას მოუთმენლად ელის. ბლინკენის მილოცვა გააკრიტიკა ჩინეთმა და მას "ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტული ძალებისთვის" "სერიოზულად არასწორი სიგნალის გამგზავნი" უწოდა.

"ჩინეთი შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის ოფიციალური გაცვლის ნებისმიერ ფორმას ყოველთვის მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა და მტკიცედ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ჩარევას ტაივანის საქმეებში ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი საბაბით". - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალურმა პეკინმა ლაისთვის გამარჯვების მილოცვის გამო გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ლაის გამარჯვებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა 15 იანვარს ქვეყნის აღმოსავლეთ თეატრის სარდლობამ გაავრცელა კადრები, სადაც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში დაწყებული საზღვაო-საბრძოლო წვრთნებია ასახული.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც. არჩევნების შედეგების შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად მან თქვა, რომ აშშ ტაივანის დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერს.

არჩევნებში ბაიდენის ადმინისტრაციას ღიად მხარი არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის ან კანდიდატისთვის არ დაუჭერია. თავის მხრივ, პეკინმა ცხადყო, რომ არ სურდა დამოუკიდებლობის მომხრე მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ლაი ჩინგ-ტეს, იგივე უილიამ ლაის გამარჯვება.

პეკინმა ლაი "ტაივანის დამოუკიდებლობის ელემენტად" გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ლაიმ კუნძულის დამოუკიდებლობა გამოაცხადოს, ჩინეთმა პირობა დადო, რომ მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში ტაივანს ძალით შემოიერთებს და მოუწოდა ტაივანელ ამომრჩევლებს, არჩევანი გააკეთონ ომსა და მშვიდობას შორის.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შეერთება სურს. პეკინში განიხილება კუნძულის ძალის გამოყენებით შეერთების შესაძლებლობაც.

კომენტარები