მიანმარი

რუსეთი მიანმართან სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და მიანმარის სამხედრო ლიდერი მინ აუნ ჰლაინი. 2020 წლის იანვარი
Russian Defense Ministry Press Office

რუსეთი მიანმართან სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ფომინის და მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერთან, მინ აუნ ჰლაინთან შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.

ალექსანდრ ფომინი 27 მარტს მიანმარის სამხედრო ძალების დღის აღლუმს დაესწრო. ამ დღეს მოხდა ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება უშიშროების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის.

ფომინმა აღნიშნა, რომ მიანმარი რუსეთის ფედერაციის საიმედო და სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა დადებითად შეაფასეს ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების დინამიკა სამხედრო სფეროში და დაადასტურეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში აპირებენ, გააღრმაონ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი მიანმარში პირველი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში მაღალი რანგის უცხოელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია.

ჩინეთის მსგავსად, რუსეთი მიანმარის სამხედრო გადატრიალებისა და ხუნტის კრიტიკისგან თავს იკავებს.  ჩინეთმა და რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში მიანმარში სამხედრო გადატრიალების დაგმობა დაბლოკეს. რუსეთმა სამხედრო გადატრიალებას "სუვერენული ქვეყნის წმინდად საშინაო საქმე" უწოდა.

რუსეთი და მიანმარი, მრავალი წელია, სამხედრო საკითხებში თანამშრომლობენ. იანვარში, სამხედრო გადატრიალებამდე ერთი კვირით ადრე, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ვიზიტისას დედაქალაქ ნაიფიიდოში რუსეთი დათანხმდა, მიანმარისთვის Pantsir-S1-ის ტიპის მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემა, Orlan-10E ტიპის სადამკვირვებლო დრონები და რადარული აღჭურვილობა მიეწოდებინა.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის 2019 წლის მონაცემების თანახმად ბოლო ათწლეულში მიანმარმა რუსეთისგან 807 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა შეისყიდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილისა და მიანმარის სამხედრო ხუნტის შეხვედრის მომდევნო დღე, 27 მარტი მიანმარის პროტესტების ყველაზე სისხლიანი დღე იყომიანმარში უშიშროების ძალებმა 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ძალადობამ საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.

დემონსტრანტების დაღუპვის გამო აშშ-მ შეძრწუნება გამოთქვა. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა და ხუნტის მმართველობას "ტერორის რეჟიმი" უწოდა:

"შეძრწუნებული ვართ სისხლისღვრით, რომელიც მიანმარის უშიშროების ძალებმა ჩაიდინეს. ეს აჩვენებს, რომ სამხედრო ხუნტა მზადაა, ერთეულების ინტერესებისთვის ადამიანების სიცოცხლე გაწიროს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. მიანმარის მამაცი ხალხი უარყოფს სამხედროების ტერორის რეჟიმს".

12 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და ავსტრალიის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სამხედრო ძალების ძალადობა დაგმეს.

"პროფესიონალი სამხედრო ძალები საერთაშორისო სტანდარტების თანახმად იქცევიან და პასუხისმგებლები არიან იმ ხალხის დაცვაზე, რომელსაც ემსახურებიან, და არა მათ დაზარალებაზე. [..] დაჟინებით მოვუწოდებთ მიანმარის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტონ ძალადობა და იმუშაონ, რათა დაიბრუნონ ხალხის პატივისცემა და ნდობა, რომელიც თავისი მოქმედებების შედეგად დაკარგა". – ნათქვამია განცხადებაში.

მიანმარში ევროკავშირის დელეგაციამ თქვა, რომ შაბათი, შეიარაღებული ძალების დღე, სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც "ტერორისა და სირცხვილის" დღე.

მიანმარის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი ტომ ენდრიუსი ამბობს, რომ დროა, მსოფლიომ იმოქმედოს და თუ ეს გაეროს უშიშროების საბჭოს მეშვეობით არ მოხდება, მაშინ საჭიროა საგანგებო საერთაშორისო სამიტი.

"მიანმარის ხალხს მსოფლიოს მხარდაჭერა სჭირდება. სიტყვები საკმარისი არ არის. ძლიერი და კოორდინირებული მოქმედების დროა". – აღნიშნავს ტომ ენდრიუსი.

ენდრიუსის თქმით ხუნტას უნდა შეეზღუდოს წვდომა ნავთობისგან და გაზისგან მიღებულ შემოსავლებსა და იარაღზე.

"მაშინ, როცა სამხედრო ხუნტა მასობრივად კლავს ხალხს, სიტყვიერი კრიტიკა, პირდაპირ რომ ვთქვათ, მიანმარის ხალხისთვის არაფერს ნიშნავს". – თქვა ენდრიუსმა.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დეფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 2 600 ადამიანზე მეტი დააკავეს.

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გასული კვირის ბოლოს სანქციები დაუწესეს.

კომენტარები