მიანმარი

მიანმარში უშიშროების ძალებმა 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც

Reuters

შაბათს, 27 მარტს, შეიარაღებული ძალების დღეს მიანმარში დემონსტრანტებისა და უშიშროების დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პირველი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეს ყველაზე სისხლიანი დღე იყო.

მიანმარის მედიის თანახმად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უშიშროების ძალებმა 114 ადამიანი მოკლეს. მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქში, მანდალაიში 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის ბიჭი და 13 წლის გოგო. იანგონში კი დაპირისპირებას 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კიდევ ერთი 13 წლის ბავშვი საგაინგის რეგიონში მოკლეს. მოკლულები არიან კაჩინის რეგიონშიც. სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაღუპულთა რიცხვმა 440-ს გადააჭარბა.

სამხედრო ხუნტის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ძალადობამ საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.

დემონსტრანტების დაღუპვის გამო აშშ-მ შეძრწუნება გამოთქვა. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა და ხუნტის მმართველობას "ტერორის რეჟიმი" უწოდა:

"შეძრწუნებული ვართ სისხლისღვრით, რომელიც მიანმარის უშიშროების ძალებმა ჩაიდინეს. ეს აჩვენებს, რომ სამხედრო ხუნტა მზადაა, ერთეულების ინტერესებისთვის ადამიანების სიცოცხლე გაწიროს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. მიანმარის მამაცი ხალხი უარყოფს სამხედროების ტერორის რეჟიმს".

12 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და ავსტრალიის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სამხედრო ძალების ძალადობა დაგმეს.

"პროფესიონალი სამხედრო ძალები საერთაშორისო სტანდარტების თანახმად იქცევიან და პასუხისმგებლები არიან იმ ხალხის დაცვაზე, რომელსაც ემსახურებიან, და არა მათ დაზარალებაზე. [..] დაჟინებით მოვუწოდებთ მიამარის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტონ ძალადობა და იმუშაოს, რათა დაიბრუნოს ხალხის პატივისცემა და ნდობა, რომელიც თავისი მოქმედებების შედეგად დაკარგა". – ნათქვამია განცხადებაში.

მიანმარში ევროკავშირის დელეგაციამ თქვა, რომ შაბათი, შეიარაღებული ძალების დღე სამუდამოდ დარჩებოდა ისტორიაში როგორც "ტერორისა და სირცხვილის" დღე.

მიანმარის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი ტომ ენდრიუსი ამბობს, რომ დროა, მსოფლიომ იმოქმედოს და თუ ეს გაეროს უშიშროების საბჭოს მეშვეობით არ მოხდება, მაშინ საჭიროა საგანგებო საერთაშორისო სამიტი.

"მიანმარის ხალხს მსოფლიოს მხარდაჭერა სჭირდება. სიტყვები საკმარისი არ არის. ძლიერი და კოორდინირებული მოქმედების დროა". – აღნიშნავს ტომ ენდრიუსი.

ენდრიუსის თანახმად ხუნტას უნდა შეეზღუდოს წვდომა ნავთობისგან და გაზისგან მიღებულ შემოსავლებზე და იარაღზე.

"მაშინ როცა სამხედრო ხუნტა მასობრივად კლავს ხალხს, კრიტიკის სიტყვები, პირდაპირ რომ ვთქვათ, მიანმარის ხალხისთვის არაფერს ნიშნავს". – თქვა ენდრიუსმა.

ხუნტის კრიტიკისგან თავს იკავებენ რუსეთი და ჩინეთი. შაბათს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ აღლუმს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი ესწრებოდა. წინა დღით კი ის ხუნტის ლიდერებს შეხვდა. აღლუმისთვის თავიანთი წარმომადგენლები მიანმარში 8 ქვეყანამ გაგზავნა: რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, პაკისტანმა, ბანგლადეშმა, ვიეტნამმა, ლაოსმა და ტაილანდმა. თუმცა რუსეთი ერთადერთი იყო, რომლის წარმომადგენელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ჩინეთის და რუსეთის დამოკიდებულება მიანმარის სამხედრო ხუნტის მიმართ საგულისხმოა, ვინაიდან ორივე ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დეფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 2 600 ადამიანზე მეტი დააკავეს.

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გასული კვირის ბოლოს სანქციები დაუწესეს.

კომენტარები