აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი იაპონიაში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდნენ. მაღალი რანგის აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა იაპონელ კოლეგებთან ერთად შეშფოთება გამოხატეს ჩინეთის ქცევაზე ჰონგ-კონგში, სინძიანგში და სხვაგან. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩინეთის ქცევა არ შეესაბამება საერთაშორისო წესრიგს.
საერთო განცხადების თანახმად, მათ ძალიან აშფოთებთ რეგიონში ბოლოდროინდელი მავნებლური მოვლენები, როგორიცაა "ჩინეთის სანაპიროს დაცვის კანონი".
"საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვუპასუხებთ, როდესაც ჩინეთი გამოიყენებს იძულებასა და აგრესიას". – თქვა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა, ოსტინმა, მათ იაპონელ კოლეგებთან ერთად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტოშიმუცუ მოტეგისთან და იაპონიის თავდაცვის მინისტრ ნობუო კიშისთან ერთად გამოსცეს საერთო განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ათვითცნობიერებენ, "ჩინეთის ქმედება შეუსაბამოა არსებულ საერთაშორისო წესრიგთან და წარმოადგენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და ტექნოლოგიურ გამოწვევას ალიანსისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის".
იაპონია და აშშ მზად არიან, "შეეწინააღმდეგონ არეულობისა და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებას რეგიონში სხვების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის კანონზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემას".
მოტეგიმ აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს ძირითადად ჩინეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მხარეებმა ჩრდილოეთ კორეის საკითხიც განიხილეს. ბლინკენმა განაცხადა, რომ მას იაპონიასთან და მოკავშირეებთან მუშაობა სურს ჩრდილოეთ კორეის განიარაღების საკითხზე.
მათ ასევე განიხილეს ვაშინგტონის "ურყევი მზაობა" - დაიცვან იაპონია ჩინეთთან დავაში აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, მის კუნძულებზე. ასევე, აშშ კვლავ ეწინააღმდეგება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის უკანონო პრეტენზიებს.
აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში იაპონიასა და ჩინეთს შორის ტერიტორიული დავები წლებია, მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში ჩინეთის საპატრულო გემები რამდენჯერმე იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. 2019 წლის ივნისში იაპონიამ სენკაუს კუნძულებთან ჩინეთის კვლევით გემთან საეჭვო სამხედრო აქტივობა შენიშნა. სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე კი ჩინეთი ტაივანს, ვიეტნამს, ბრუნეის, მალაიზიასა და ფილიპინებს ედავება, სადაც ჩინეთს სამხედრო უპირატესობა აქვს. სამხრეთ ჩინეთის ზღვა მდიდარია რესურსებით და ამ ზღვაში უამრავი სავაჭრო გემი გადის, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია.
მხარეებმა ასევე სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ისეთ "მავნებლურ მოვლენებზე", როგორიცაა ჩინეთის მიერ იანვარში მიღებული ახალი კანონი, რითაც სანაპირო დაცვას უფლება აქვს, უცხოურ გემებს ცეცხლი გაუხსნას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიანმარში სამხედრო გადატრიალება, ნახევარგამტარებზე მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება, კორონავირუსის ვაქცინები, ადამიანის უფლებები ჩრდილოეთ კორეაში, ჰონგ-კონგში და სინძინაგში.
ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და ტოკიო იზიარებენ თავდადებას დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის და დასძინა, რომ ბევრ ადგილას ისინი საფრთხის ქვეშაა, მათ შორის რეგიონში, იქნება ეს ბირმაში თუ ჩინეთში.
იაპონიის შემდეგ ისინი შეხვედრას გამართავენ სეულში, ამის შემდეგ კი ალასკაში. ბლინკენი აშშ-ს ეროვნული უშიშროების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან ერთად შეხვედრას გამართავს ჩინელ კოლეგებთან.
ბლინკენი და ოსტინი იაპონიის პრემიერმინისტრ იოშიჰიდე სუგასაც შეხვდნენ. აპრილში იოშიჰიდე სუგა პირველი სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრება თეთრ სახლს. აშშ იაპონიის უდიდესი სტრატეგიული პარტნიორია.
ბლინკენისა და ოსტინის ვიზიტი იაპონიაში ბაიდენის ადმინისტრაციიდან მაღალი რანგის წარმომადგენლების პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. ამას წინ უძღოდა გასული კვირის ქუადის ონლაინ სამიტი.
ქუადის (ოთხმხრივი უშიშროების დიალოგის), რომლის წევრებიც არიან აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი, წვერების ქვეყნის ლიდერების დონეზე შეხვედრა პირველად გაიმართა.
მხარეებმა პირობა დადეს, რომ იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანეთი და ითანამშრომლონ საზღვაო, კიბერ და ეკონომიკის უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, ისინი ახლოს ითანამშრომლებენ ვაქცინის დისტრიბუციაზე, კლიმატის ცვლილებებისა და უშიშროების საკითხებზე. ოთხი ქვეყანა იმუშავებს, რათა უზრუნველყოს, 2022 წლამდე აზიისთვის 1 მილიარდი კორონავირუსის ვაქცინის დოზის მიწოდება. ეს ნაბიჯი აღიქვეს, როგორც ჩინეთის ვაქცინის დიპლომატიის, რეგიონში მისი გავლენის შესამცირებელ ნაბიჯად.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს თავიანთ განცხადებაში ჩინეთი ერთხელაც არ უხსენებიათ, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს თავისუფალი, ღია, ინკლუზიური, ჯანსაღი, დემოკრატიული ღირებულებებით მართული და იძულებით შეუზღუდავი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობაზე. ასევე, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერმა განიხილეს ჩინეთის გამოწვევა - "მათ მკაფიოდ აღნიშნეს, რომ არცერთს აქვს რაიმე ილუზია ჩინეთზე" და სჯერათ, რომ დემოკრატიას შეუძლია, აჯობოს ავტორიტარიზმს.
ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხესთან ერთად, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ სამომავლოდ შორეულ აღმოსავლეთში აშშ-ს ლიდერობით NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე. ჩინეთის ქმედებების გამო, ოთხივე ქვეყნის ჩინეთთან ურთიერთობა გაუარესებულია.
"ეს აგზავნის ძალიან ძლიერ სიგნალს ერთიანი მიზნისა და მიზეზისთვის. და მიზანი აქ ძირითადად არის ის, რომ ქუადი წარმოადგინონ ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგულარული დიპლომატიის ნაწილად". –განაცხადა Reuters-თან, ქუადის ლიდერების შეხვედრაზე, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.