დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში საკუთარი პლატფორმით გეგმავს დაბრუნებას

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში საკუთარი პლატფორმით გეგმავს დაბრუნებას. ამის შესახებ ტრამპის მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა ისაუბრა.

მილერის თანახმად, ტრამპი სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას გეგმავს.

"ვფიქრობ, რომ ალბათ ორ-სამ თვეში პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ მედიაში დაბრუნდება". – თქვა მილერმა.

ტრამპის მრჩევლის აზრით, ახალი პროექტი "მთლიანად შეცვლის თამაშის წესებს". მილერის თანახმად, ტრამპი აქტიურად ხვდება სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს, მაგრამ არ დაუზუსტებია, შეიქნება თუ არა პლატფორმა რომელიმე კომპანიასთან თანამშრომლობით.

"ეს ახალი პლატფორმა იქნება მსხვილი, ყველას, ყველას უნდა [ტრამპთან] თანამშრომლობა და ის აპირებს, რომ მილიონობით მომხმარებელი მიიზიდოს ამ პლატფორმაზე". – თქვა მილერმა.


6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა სხვადასხვა სოციალურ მედიაში ვიდეომიმართვები გაავრცელა, რის შემდეგაც სოცმედიებმა, Facebook-მა და Instagram-მა ტრამპის ანგარიშები დროებით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაბლოკა. მოგვიანებით YouTube-მა ტრამპს არხზე წვდომა შეუჩერა. მედიამ პრეზიდენტის ანგარიშს ახალი ვიდეოების განთავსების და პირდაპირი ჩართვების შესაძლებლობა 7 დღით შეუზღუდა.

Twitter-მა, რომელსაც ტრამპი ყველაზე აქტიურად იყენებდა, მისი ანგარიში სამუდამოდ გააუქმა. კომპანიის განმარტებით, ეს "ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო" მოხდა.

კაპიტოლიუმზე შტურმის გამო კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ტრამპს კაპიტოლიუმში შეჭრის წახალისებას ედავებოდნენ, თუმცა სენატმა მის მსჯავრდებას მხარი არ დაუჭირა

კომენტარები