აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში - 232 კონგრესმენი. წინააღმდეგ წავიდა რესპუბლიკური პარტიის 197 წარმომადგენელი. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო, სულ მცირე, 218 კანონმდებლის მხარდაჭერა.
ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.
ახლა იმპიჩმენტის საკითხი აშშ-ს სენატს გადაეცემა, სადაც, წარმომადგენელთა პალატისაგან განსხვავებით, უბრალოდ უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი და თანამდებობიდან ტრამპის გადაყენებას მხარი სენატორთა, სულ მცირე, 2/3-მა უნდა დაუჭიროს. შესაბამისად, დემოკრატ სენატორებს რესპუბლიკელი კოლეგების ნაწილის მხარდაჭერაც დასჭირდებათ.
კენჭისყრამდე სენატში გაიმართება სასამართლო პროცესი. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი 20 იანვრამდე, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ვერ დასრულდება, თუმცა მას შემდეგაც კი, რაც ტრამპი თანამდებობას დატოვებს, სენატს შეეძლება იმპიჩმენტის პროცესი გამოიყენოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. მან უკვე გამოთქვა 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.
რატომ გამოუცხადეს ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ?
6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში აშშ-ს კონგრესის გაერთიანებული სხდომა გაიმართა სადაც, კონსტიტუციის მიხედვით, კანონმდებლებს უნდა დაემტკიცებინათ საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები და ოფიციალურად დაედასტურებინათ ჯო ბაიდენის გამარჯვება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში. რესპუბლიკელ კონგრესმენთა და სენატორთა ნაწილი გეგმავდა ამ პროცესის შეყოვნებას ხმების გაპროტესტების გზით, თუმცა მათ როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდათ, რაც არ გააჩნდათ, ვინაიდან გარდა ყველა დემოკრატი კონგრესმენისა, მათ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილიც.
სხდომის დაწყების პარალელურად, ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გამართა ტრამპის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა, რეალური გამარჯვებული კი დონალდ ტრამპია. დემონსტრანტებს მიმართა თავად ტრამპმაც. ის გამჭვირვალე ბარიერის მიღმა აღმართულ ტრიბუნასთან გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები არჩევნების მოპარვისა და გაყალბების თაობაზე. შემდეგ კი მან მხარდამჭერებს მიმართა:
“ვიცი, რომ ყველა აქ მყოფი მალე გაემართება კაპიტოლიუმის შენობისაკენ, რათა მშვიდობიანად და პატრიოტულად გააგონოთ მათ თქვენი ხმა. მეც თქვენთან ერთად ვიქნები. ჩვენ შევეცდებით რესპუბლიკელებს, სუსტებს, იმიტომ, რომ ძლიერებს ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, მივცეთ სიამაყე და გაბედულება, რომელიც სჭირდებათ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ”
მას შემდეგ, რაც მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და არეულობა დაიწყო, ტრამპს არაერთმა ლიდერმა, მათ შორის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება. მხოლოდ ამის შემდეგ ტრამპმა დემონსტრანტებს მიმართა და მოუწოდა, სახლებში წასულიყვნენ, თუმცა კვლავ გაიმეორე არჩევნების გაყალბების ბრალდებები:
"ვიცი თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ და ყველამ იცის ეს, განსაკუთრებით მეორე მხარემ. მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. პატივი უნდა ვცეთ სამართალდამცველებს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ძალიან რთული პერიოდია. ასეთი დრო არასდროს ყოფილა, როდესაც ასეთი რამ მოხდა, და ჩვენ ყველას წაგვართვეს [არჩევნები], ეს გაყალბებული არჩევნები იყო, მაგრამ ვერ ვითამაშებთ ამ ხალხის სასარგებლოდ. მშვიდობა გვჭირდება. წადით სახლებში. გვიყვარხართ. ძალიან გამორჩეული ხალხი ხართ"
კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 100-ზე მეტი. ტრამპი სოციალური ქსელებიდან დაბლოკეს.
ამის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ძალაუფლების გადაცემა კანონიერად მოხდებოდა, თუმცა ამ დრომდე არ უღიარებია დამარცხება.
"მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები მხარს მიმაგრებს, 20 იანვარს იქნება ძალაუფლების კანონიერი გადაცემა. ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებდით ჩვენს ბრძოლას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა კანონიერი ხმა დათვლილიყო. ეს წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენს ბრძოლაში, გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული"
იმპიჩმენტის გამოცხადებამდე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, აამოქმედოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი და თავად შეასრულოს პრეზიდენტის უფლებამოვალეობები, 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე.
რეზოლუციისთვის კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის, ნენსი პელოსისთვის, გაგზავნილ წერილში მაიკ პენსმა უარი თქვა კონსტიტუციის 25-ე მუხლის ამოქმედებაზე.
მას შემდეგ, რაც დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეს დიდ საფრთხეს უქმნიდა ქვეყანას:
"ვფიქრობ, [იმპიჩმენტის პროცედურა] უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას და იწვევს უზარმაზარ ბრაზს. მე არ მსურს ძალადობა"
ტრამპის პირველი იმპიჩმენტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: