დონალდ ტრამპი

ტრამპი BBC-ს შეცდომაში შემყვანი სიუჟეტის გამო $1-მილიარდიანი სარჩელით ემუქრება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 
© AP

10 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეცდომაში შემყვანი ფორმით გაშუქებული სიუჟეტის გამო BBC-ს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელით დაემუქრა.

მუქარა სატელევიზიო პროგრამის, პანორამის ერთ-ერთ დოკუმენტურ ეპიზოდში BBC-ის მიერ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვის შეცდომაში შემყვანი ფორმით გაშუქებას უკავშირდება.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ეს მიმართვა დამონტაჟებული იყო თითქმის ერთსაათიანი სხვაობით წარმოთქმული სიტყვებით და ის ნაწილი, სადაც ტრამპი მხარდამჭერებს საკუთარი ხმის "მშვიდობიანად და პატრიოტულად" გაჟღერებისკენ მოუწოდებდა, გამოტოვებული იყო.

NBC News-ისა და Fox News Digital-ის ცნობით, ტრამპის ადვოკატებმა BBC-ს პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული ყველა "ცრუ, ცილისმწამებლური და დამამცირებელი" განცხადების "უარყოფისთვის" ვადა 14 ნოემბრამდე მისცეს.

9 ნოემბერს ტრამპის წინააღმდეგ მიკერძოებულობის გამო კრიტიკის ფონზე BBC-ის გენერალური დირექტორი, ტიმ დეივი და BBC News-ის აღმასრულებელი დირექტორი, დებორა ტერნესი თანამდებობიდან გადადგნენ. 

ცნობისთვის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 100-ზე მეტი. ტრამპი სოციალური ქსელებში დაბლოკეს.

კომენტარები