დონალდ ტრამპი

შეცდომაში შემყვანი სიუჟეტის გამო ტრამპმა BBC-ს წინააღმდეგ $10-მილიარდიანი სარჩელი შეიტანა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა BBC-ს წინააღმდეგ $10-მილიარდიანი სარჩელი შეიტანა პანორამის ერთ-ერთ დოკუმენტურ ეპიზოდში მის სიტყვით გამოსვლაზე შეცდომაში შემყვანი სიუჟეტის გამო. 

ფლორიდის სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ტრამპი BBC-ს ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, სარჩელის ფარგლებში ტრამპი ცილისწამებით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად $5 მილიარდს ითხოვს, ხოლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევის გამო BBC-ს დამატებით $5 მილიარდისთვის უჩივის.

გასულ თვეს BBC-მ ტრამპს ბოდიში მოუხადა 2021 წელს მის მიერ წარმოთქმული სიტყვის შეცდომაში შემყვანი სახით გაშუქების გამო, თუმცა ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ უარი განაცხადა კომპენსაციის შესახებ ტრამპის მოთხოვნაზე.

ტრამპის ადვოკატები BBC-ს "მიზანმიმართულად, ბოროტად და მისი გამოსვლის მოტყუებით დამონტაჟებით" ტრამპის ცილისწამებაში სდებენ ბრალს.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს ტრამპის წინააღმდეგ მიკერძოებულობის გამო კრიტიკის ფონზე BBC-ის გენერალური დირექტორი, ტიმ დეივი და BBC News-ის აღმასრულებელი დირექტორი, დებორა ტერნესი თანამდებობიდან გადადგნენ. 

კომენტარები