დონალდ ტრამპი

ტრამპი ნიუ-იორკისთვის ფედერალური დაფინანსების შემცირებით იმუქრება, თუ მამდანი მერი გახდება

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს, ენდრიუ კუომოს დაუჭირა მხარი და ქალაქისთვის დაფინანსების შემცირებით დაიმუქრა, თუ დემოკრატიული პარტიის მემარცხენე კანდიდატი, ზოჰრან მამდანი გაიმარჯვებს.

"თუ კომუნისტი კანდიდატი ზოჰრან მამდანი ქალაქ ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში გაიმარჯვებს, ნაკლებად სავარაუდო იქნება, რომ მე ფედერალური დაფინანსება გავცე, აუცილებელ მინიმუმზე მეტი." - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.

ამ საკითხზე აშშ-ს პრეზიდენტმა CBS-თანაც ისაუბრა.

"ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული იქნება ნიუ-იორკისთვის ბევრი ფულის მიცემა, რადგან თუ ნიუ-იორკს კომუნისტი მართავს, იქ ფულის გაგზავნა გაფლანგვა იქნება." - თქვა ტრამპმა CBS News-ის გადაცემა "60 წუთში".

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ  არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მამდანი თავის მთავარ მეტოქეს, ნიუ-იორკის ყოფილ გუბერნატორ ენდრიუ კუომოს რეიტინგით სჯობნის.

ენდრიუ კუომო მრავალფეროვანი გამოცდილებით გამოირჩევა. იგი ამერიკის შეერთებული შტატების  ურბანული განვითარების მდივნისა და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის თანამდებობებს იკავებდა. 2011 წელს კუომო შტატის გუბერნატორი გახდა. კამპანიის დასაწყისში კუომო ყურადღებას  ქალაქის მართვის გაუმჯობესებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრას უთმობდა. შემდგომში ის კონსერვატიული ამომრჩევლისკენ გადაიხარა და მემარჯვენე მედია პლატფორმების აქტიური სტუმრობა დაიწყო.

თავის მხრივ, უგანდაში დაბადებული 34 წლის ზოჰრან მამდანის საარჩევნო პლატფორმა  ამბიციურ, მემარცხენე პოლიტიკურ დღის წესრიგზეა აგებული, რომელიც მიზნად სიმდიდრის გადანაწილებას, საჯარო სერვისების გაფართოებასა და ურბანული ცხოვრების გარდაქმნას ისახავს.

კომენტარები