შვეიცარია

შვეიცარიაში რეფერენდუმით სახის დაფარვის აკრძალვას მხარი დაუჭირეს

შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი გაიმართა. ინიციატივას მხარი მოსახლეობის 51.2%-მა დაუჭირა. ინიციატივის ფარგლებში აიკრძალება ბურკა და ნიქაბიც - თავსაბურავები, რომლებსაც მუსლიმი ქალები იყენებენ.

ინიციატივა მემარჯვენე, შვეიცარიის სახალხო პარტიამ წამოაყენა. შვეიცარიის მთავრობა აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა. მთავრობის თანახმად, სახელმწიფო არ უნდა მიუთითებდეს ქალებს, რა ჩაიცვან.

სახის დაფარვის აკრძალვის ინიციატივა პირდაპირ ისლამს არ ახსენებდა. მაგალითად, ინიციატივის ფარგლებში სახის დაფარვა აეკრძალებათ პროტესტის დროს დემონსტრანტებს. თუმცა, რეფერენდუმამდე ინციატივას "ბურკის აკრძალვით" მოიხსენიებდნენ. გარდა ამისა, შვეიცარიის სახალხო პარტია აკრძალვის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში აქტიურად იყენებდა სლოგანს - "დასრულდეს ექსტრემიზმი!" და ბილბორდებზე თავსაბურავიან ქალებს გამოსახავდა.

რეფერენდუმის გადაწყვეტილება მუსლიმთა ცენტრალურმა საბჭომ გააკრიტიკა. საბჭო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისლამთან დაკავშირებული საკითხები რეფერენდუმის საბაბი გახდა. 2009 წელს ქვეყანამ რეფერენდუმით ახალი მინარეთების მშენებლობა აკრძალა.

სახის დაფარვასთან დაკავშირებულ აკრძალვებს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ვხვდებით. საფრანგეთმა სახის სრულად დასაფარი ნიღბის ტარება 2011 წელს აკრძალა, დანიას, ავსტრიასა და ნიდერლანდებს კი ნაწილობრივი ან სრული აკრძალვის წესები აქვთ შემოღებული. 

მეორე მხრივ, ლუცერნის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, შვეიცარიაში ბურქას არავინ ხმარობს, ნიქაბს კი მხოლოდ 30-მდე ქალი ატარებს. მისი თქმით, "თითქმის შეუძლებელია, შვეიცარიის ქუჩებში სახედაფარული ქალი შეგხვდეთ". მუსლიმები შვეიცარიის მოსახლეობის 5.2%-ს შეადგენენ.

კომენტარები