შვეიცარიაში სინაგოგაზე ბენზინის შესხმისთვის 32 წლის მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი შვეიცარიის მოქალაქეა. პოლიციამ დაკავებულზე საუბრისას ის, როგორც "მენტალურად არამდგრადი" დაახასიათა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 10 აგვისტოს საღამოს, დაკავებულმა მამაკაცმა ბენზინი აგუდას აჩიმის სინაგოგის შესასვლელთან დაღვარა. ის შემთხვევის ადგილიდან ფეხით გაიქცა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება კვირას დილით მოახერხა.
მედიის პირველადი ინფორმაციით, თავდასხმაში ერთზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა, პოლიციის ცნობით, ის მარტო მოქმედებდა და "ექსტრემისტული მოტივი არ არსებობს".
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში ამავე სინაგოგაში ებრაელი მამაკაცი დანით დაჭრეს, რის შედეგადაც ის მძიმედ დაშავდა.





