ნიკა მელიას დაკავება

მდინარაძე მელიაზე: პრაქტიკულად, გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია, ციხიდან გამოვიდეს

"პრაქტიკულად, გათავისუფლებულია. ხვალვე შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან". - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე იმედის ეთერში ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე. 

"ხომ პოლიტპატიმარს ეძახიან? ასეთი "პოლიტპატიმარი" ოდესმე სადმე თუ გაგიგიათ, რომ მასზე იყოს დამოკიდებული, გავა თუ არა გარეთ. [...] ის, პრაქტიკულად გათავისუფლებულია, მას უთხრეს, შენ შეგეფარდება კვლავ გირაო, კვლავ გექნება იგივე შესაძლებლობა, თუ შენ კანონის ჩარჩოებში ჩაჯდები. რაზე ვლაპარაკობთ, წარმოგიდგენიათ?  

[...] ახლა "გეხვეწება" სახელმწიფო, პროკურატურა, ამ შემთხვევაში, შენ კანონის ჩარჩოში მოექცევი თუ არა, ამ ფორმალურ ნაწილს დააკმაყოფილებ თუ არა, შენ თავისუფალი ხარ. ხვალვე შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან გირაოს თანხის შეტანის შემთხვევაში". - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.  

თუმცა ნიკა მელია ამბობს, რომ პროკურატურის შეთავაზებას სერიოზულად არ აღიქვამს. როგორც ენმ-ის თავმჯდომარე წერს, "თავისუფლება არ ღირს 40 000 ლარი [...] თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ! " 

სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე მისი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

კომენტარები