ნიკა მელიას დაკავება

"არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი" – ნიკა მელიას წერილი ციხიდან

ნიკა მელია
Reuters/Irakli Gedenidze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას წერილი წაიკითხა. 

ციხიდან მელიას წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ. მიხარია, რომ ერთად ვართ, არ ნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა. ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, წინაღობა, გამოწვევა მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს. 

ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გავქვს მიზანი და მოტივაცია, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი, გვქონდეს უკეთესი საქართველო, თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს, აქ და ახლა, თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც, საბოლოოდ, მოიპოვებს თავისუფლებას.  

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო ძალისმიერი შტურმის დროს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ. ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არავისი და არაფრის, ვინც იდგა ჩვენს გვერდით, პარლამენტის წინ, ისტორიის სწორ მხარეს. 

ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისს სახელმწიფო გადარიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ სამშობლოს მიმართ. 2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებას, თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას გავრილოვების, ლავროვების და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალი, ერთიან საქართველოს იდეას. 

ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მათ, ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს - თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს დანებებით. მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით, ახალი გამოწვევბით, ახალი პასუხებით, ყოველ კრიზისში ახალი შესაძლებლობების პოვნით და ისევ მხოლოდ ერთიანობით. 

მე მინდა, ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე. ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად დაბრკოლებების გარეშე, თავისუფლად. მე მინდა, ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცდიან, რადგან მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხი საქართველოში. სამშობლოს სიყვარულისა და ღირსების დაცვის გამო თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 000 ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს. თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ! 

დღეს საკნის ოთხი კედელი სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავსუფალი, როგორც ახლა. ჩენთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, თავისუფლება არ ღირს 40 000 ლარი. ეს არცერთი ადამიანის, არცერთი ჯგუფის და, მით უმეტეს, არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებისთვის - თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის. 

ახლა დგება წუთი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ჩვენი ხალხის ღირსების შემნახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. 

მე დღეს პასუხი სანდროსთვის, რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება, დღეს ვერ ავუხსნი ამას, დღეს ვერ გაიგებს, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვაზე პასუხს, რომ მე ხვალინდელი დღის და ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან. ვარ მართალი, ვარ მხნედ. ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი. ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან, იმიტომ, რომ უკეთესი საქართველო იწყება ახლა, აქ და დღეს. ჩვენი ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესია, არ დავნებდებით და არ შევშინდებით, სანამ  მიზანს არ მივაღწევთ. 

ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად, გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ!"

კომენტარები