ნიკა მელიას დაკავება

ლომჯარია კრიტიკაზე: მეამაყება, ვარ მათი დამცველიც, ვისი დაცვაც ასე არ უნდა ხელისუფლებას

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქართული ოცნების წევრების კრიტიკას პასუხობს. ლომჯარიას თქმით, ის იმ ადამიანების დამცველიც არის, "ვისი დაცვაც ასე ძალიან არ უნდა ხელისუფლებას." 

"მე ვარ, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის დამცველი, იმიტომ, რომ სახალხო დამცველი, პირველ რიგში, უნდა იცავდეს იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციას და, განსაკუთრებით, ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება დაცვა.

რა თქმა უნდა, ვადასტურებ და მეამაყება, რომ  ვარ ყველა ადამიანის დამცველი, მათ შორის, იმ ადამიანებისაც, რომლის დაცვაც ხელისუფლებას ასე ძალიან არ უნდა და რის გამოც ებრძვიან სახალხო დამცველს". – ამბობს ნინო ლომჯარია. 

ქართული ოცნების წევრებმა ლომჯარია ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გააკრიტიკეს. როგორც ლომჯარიამ სპეცოპერაციისას დაწერა, "არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა." 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები