ნიკა მელიას საქმე

TI პარლამენტს: არ გასცეთ თანხმობა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესა და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და პარლამენტს მოუწოდებს, არ მოუხსნას ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი. 

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საქმის შეფასება არ უნდა მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, რომ ეს საქმი განიხილოს 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში. 

როგორც TI წერს, შესაბამისი უწყების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არარსებობაზე მიუთითებს. 

"ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე"

TI-ის განცხადებით, 20 ივნისის ღამეზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში სახელმწიფომ ძირითადად მხოლოდ დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ იმოქმედა, რაც მათივე შეფასებით, შერჩევით მიდგომებსა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს. 

"აქციის დაშლის პროცესთან და სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით არაერთი ლეგიტიმური კითხვის არსებობის მიუხედავად,  სამართალდამცავ ორგანოებში ბრძანების გამცემი პირები არ გამოკვეთილა და მათი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არასრულყოფილ გამოძიებაზე სახალხო დამცველის ანგარიშიც მიუთითებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება კრიტიკული არ იყო სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გამოკითხვისას და არ ცდილობდა შსს-ს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას". – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯელობისას TI წერს, რომ "გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი წინადადება შაბლონურად გამოიყურებოდა და არ იყო საკმარისად დასაბუთებული". ორგანიზაციის განცხადებით, დოკუმენტის შაბლონურობაზე ისიც მიანიშნებდა, რომ მასში პროკურატურის არგუმენტების გასამყარებლად მოყვანილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არარსებული საქმე. რამდენიმე საქმე კი, მათი ცნობით, იმდენად განსხვავებულ გარემოებებს ეხებოდა, რომ მათზე მითითება ნიკა მელიას საქმის კონტექსტში აბსოლუტურად არარელევანტური იყო. 

ორგანიზაციის განცხადებით, პატიმრობის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამ საფრთხეების არარსებობის პირობებში კი, პროკურატურა კანონით არ არის შეზღუდული, უარი თქვას პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვაზე. 

"პარლამენტის მიერ მისი წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური ნაბიჯია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი წინასწარ თანხმობას იძლევა პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე. იურიდიულმა კომიტეტმა დასკვნაში აღნიშნა, რომ კომიტეტი პროკურორს აძლევს თანხმობას სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვაზე. ამგვარი ფორმულირებით საკანონმდებლო ორგანო ცდილობს შეამციროს დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის გაცემის პარლამენტისათვის კონსტიტუციით დადგენილი პასუხისმგებლობა.  შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების  პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად პარლამენტზეა და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო არა პროკურატურის სამართლებრივი დავალებების შემსრულებელი უნდა იყოს, არამედ სრულად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე მრავლად არსებობს კითხვის ნიშნები. ამასთან, გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი. აღნიშნული ქმედებები ცალსახად არაა მიმართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ.

მმართველ პარტიას მოვუწოდებთ, გაიზიაროს პასუხიმგებლობა ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მისი მოგვარების მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები; არ დაასუსტოს საკანონმდებლო ორგანოს რეპუტაცია უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით და არ გასცეს ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით თანხმობა. პარლამენტის არასწორი გადაწყვეტილება გააღრმავებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, რომლის მოგვარება კიდევ უფრო გართულდება". – წერია განცხადებაში. 

16 თებერვლის საპარლამენტო სხდომაზე პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობს. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა გაერთიანებულმა კომიტეტმა იმუნიტეტის მოხსნას მხარი უკვე დაუჭირა


პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები