ნიკა მელიას საქმე

მელია: მონურ მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლების იდეა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტის მიერ მისთვის იმუნიტეტის შეჩერებას ეხმაურება. 

"გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ეს არ იყო ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი. ამ ადამიანებმა - პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მე-5 კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა. ვინც ხმა აიმაღლა, ვინც გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა, გამოუტანეს ყველას, ვინც იყო მსხვერპლი მოძალადეების იმ კონკრეტულ დღეს. ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, ვის მიმართაც დევნა განახორციელეს თბილისის მასშტაბით, ვისაც თვალები დასთხარეს და იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს. ეს განცდა დაეუფლა ყველას, სწორედ ამიტომ, ყველანი, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ავდექით და მივედით რუსთაველის გამზირზე. ერთ-ერთი ვიყავი მე, იქ ამ გრძნობით მრავალი ათასი ადამიანი იყო.  

მთელ საქართველოს მინდა ვუთხრა - ამ ადამიანების სახელით, ვისზეც მე ვისაუბრე, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას". - ამბობს მელია. 

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმუნიტეტი  დღეს, 16 თებერვალს მოუხსნა

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს.   

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."


საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც ის ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები