ნიკა მელიას საქმე

"არავის ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა სასამართლო" – მელიას საქმის მოსამართლემ თავი არ აიცილა

"არავის ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა სასამართლო".  - ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიას საქმის მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ბრალდებულის ადვოკატებს. მან საქმიდან თავი არ აიცილა და თქვა, რომ ადვოკატების ვარაუდი მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დასაბუთებული არ არის.

ამის შემდეგ, დაცვის მხარემ პროცესის ხვალამდე გადადება ითხოვა, თუმცა, რამდენიმე წუთში გადაიფიქრა.

"დაე, დღესვე გამოაცხადეთ ის, რაც ალბათ უკვე ერთი კვირაა, მიიღეთ დავალების სახით. შეიძლება, პირდაპირი დავალება არც დაგჭირდათ, შეიძლება, თქვენმა ხელმძღვანელმა ისიც კი გითხრათ - იცი, რაც არის გასაკეთებელი... მოდი, რაკი ისედაც ყველაფერი ნათელია, დღესვე გაფორმდეს ის, რაც ქართულ მართლმსაჯულებას კი არა, ქართულ სახელმწიფოებრიობას ძალიან დიდ რისკს უქმნის, დღესვე ამის გაფორმება გახდება იმის წინაპირობა, რომ ამ გზაზე საზოგადოება გამოიღვიძებს" - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. 

ნიკა მელიას ადვოკატებმა მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს საქმიდან აცილება დაახლოებით ერთი საათის წინ მოითხოვეს. მათი თქმით, ენმ-ის ოფისის მახლობლად უკვე სპეცდანიშნულების რაზმი  და ავტობუსებია მობილიზებული.

"როგორც ჩანს, არათუ მათთვის არის წინასწარ გადაწყვეტილება ცნობილი, არამედ, ელემენტარული პატივისცემაც კი არ გააჩნიათ თქვენ მიმართ, რომ დალოდებოდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თუნდაც გაჟღერებას ამ დარბაზში.

შესაბამისად, არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თქვენს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, ეს არის თქვენი, როგორც მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით, აიცილოთ ეს საქმე და განიხილოს მოსამართლემ, რომელიც არ იქნება სხვების გადაწყვეტილებების გამხმოვანებელი და საქმეში არსებული მასალების, მხარეთა პოზიციების მოსმენით მივა შესაბამის დასკვნამდე" - მიმართა დაცვის მხარემ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.

"თუ არა წინასწარ დაწერილი განჩინება, მაშინ რა უნდა სპეციალური დანიშნულების რაზმს იქ, სადაც არის ნიკა მელია, რატომ არიან? არ გიჩნდებათ კითხვა?... თუ ჩვენ ვცდებით, გადადეთ განაჩენის გამოცხადება ხვალამდე და დაველოდოთ, რას გააკეთებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი" - აღნიშნავს ადვოკატი.

მოსამართლე აცილების შუამდგომლობის განსახილველად სათათბიროდ გავიდა, რის შემდეგაც, ის არ დააკმაყოფილა.


გუშინ, 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ. პროკურატურამ კი სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინვე მიმართა.  

  • ვინ დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და ვინ არა - ნახეთ აქ

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."

საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. მელიამ გირაო არ გადაიხადა. მისი თქმით, ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ენმ-ის თავმჯდომარემ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი  25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები