ნიკა მელიას საქმე

შსს: ენმ-ის ოფისთან ბაზაა, პოლიცია ყოველდღე გადაადგილდება, განსაკუთრებული არაფერი ხდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზება ჩანს, განმარტებას აკეთებს. 

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, ბაზაზე თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღიურად ხდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია. 

"აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება. დღეს არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არ ხორციელდება". - ამბობენ შსს-ში. 

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავს. ნაციონალური მოძრაობის ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლდიერები იმყოფებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებას მელიას დააკავების საშუალებას არ მისცემენ.


გუშინ, 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ. პროკურატურამ კი სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინვე მიმართა.  

  • ვინ დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და ვინ არა - ნახეთ აქ

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."

საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. მელიამ გირაო არ გადაიხადა. მისი თქმით, ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ენმ-ის თავმჯდომარემ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი  25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები