ნიკა მელიას საქმე

NGO-ები: მელიას შერჩევითი დევნა დესტაბილიზაციის რეალურ რისკს აჩენს, უარი თქვით პატიმრობაზე

ტაბულა

"ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ, როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირები და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს" – ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით NGO-ები განცხადებას ავრცელებენ და პროკურატურას მოუწოდებენ, უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, ხოლო სასამართლოს - დეტალურად იმსჯელოს პატიმრობის შეფარდების საფუძვლებსა და ლეგიტიმურობაზე.

"კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ ემსახურება კონკრეტული ამოცანების შესრულებას. კერძოდ, ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. მით უფრო, როცა დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი და გამოძიება დასრულებულია. 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გაიაზროს საქმეში არსებული გარემოებები, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კონტექსტი და უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოვუწოდებთ, დეტალურად იმსჯელოს პატიმრობის შეფარდების საფუძვლებსა და ლეგიტიმურობაზე.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ განხორციელებული შერჩევითი დევნა, გამოუსწორებლად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და პოლიტიკური პოლარიზების ფონზე, დესტაბილიზაციის რეალურ რისკს აჩენს. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება.

ამ დრომდე ხელისუფლების, მათ შორის პროკურატურის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა მხოლოდ გააღრმავა არსებული კრიზისი. სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად  მოვუწოდებთ მხარეებს სიმშვიდისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებისაკენ" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) და დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).

გუშინ, 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ. პროკურატურამ კი სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინვე მიმართა.  

  • ვინ დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და ვინ არა - ნახეთ აქ

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."

საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. მელიამ გირაო არ გადაიხადა. მისი თქმით, ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ენმ-ის თავმჯდომარემ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი  25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები