აშშ-ჯანმო

აშშ ჯანმო-ს დაჟინებით მოუწოდებს, ტაივანი ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიწვიოს

აშშ ჯანმო-ს დაჟინებით მოუწოდებს, 24 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, ჯანმო-ს ასამბლეაზე (WHA), რომელიც ყოველწლიურად იმართება, ტაივანი მიიწვიოს. 

ჩინეთის წნეხის გამო, ტაივანი ჯანმო-ს შეხვედრებში მონაწილეობას ვერ იღებს. 

შეხვედრაზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის დღის წესრიგს შეადგენენ, რაც კორონავირუსის პანდემიის დასრულებას და გლობალური ჯანმრთელობის, მისი უსაფრთხოების წახალისებას ისახავს მიზნად.

"თუმცა, მანამ, სანამ ორგანიზაციის ლიდერები არ მიიღებენ შესაბამის ზომებს, ასამბლეა კიდევ ერთხელ გამორიცხავს ტაივანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მონაწილეობას". - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. 

ბლინკენის თქმით, არ არსებობს გონივრული გამართლება ტაივანის ამ ფორუმიდან კვლავ გარიყვის და აშშ ჯანმო-ს დირექტორს, ტედროს ადანომ გებრაისუსს, დაჟინებით მოუწოდებს, რომ ტაივანმა დამკვირვებლის სტატუსით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს: "ისე, როგორც ეს წინა წლებში იყო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის შეწინააღმდეგებამდე". 

ბლინკენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამოწვევა არ ცნობს საზღვრებს და პოლიტიკურ უთანხმოებებს:

"ტაივანი გვთავაზობს მნიშვნელოვან წვლილს და გაკვეთილებს ამ საკითხებში თავისი მიდგომიდან, WHO-ს ხელმძღვანელობამ და ყველა პასუხისმგებლობიანმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ 24 მილიონი ადამიანის ინტერესების გამოკლებით WHA ემსახურება მხოლოდ ჩვენი საერთო გლობალური ჯანმრთელობის მიზნებისთვის ზიანის მიყენებას და არა მათ წინსვლას. ტაივანი სანდო პარტნიორი, ცოცხალი დემოკრატია და მსოფლიოში სიკეთის ძალაა და მისი გამორიცხვა WHA-დან საზიანო იქნება პანდემიის კონტროლის ჩვენი კოლექტიური საერთაშორისო მცდელობებისთვის და ჯანმრთელობის მომავალი კრიზისების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მოვითხოვთ ტაივანის დაუყოვნებლივ მოწვევას WHA-ში".

აღსანიშნავია, რომ აშშ გასულ წელსაც ათეულობით ქვეყანასთან ერთად მოუწოდებდა ჯანმო-ს, რომ ტაივანი ორგანიზაციის შეხვედრაზე მიეწვიათ. 

2009 წლიდან 2016 წლამდე ჩინეთი ტაივანს უფლებას აძლევდა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსით ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტაივანში პროპეკინური მთავრობა შეიცვალა და პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან ცაი ინგ-ვენი გახდა, ჩინეთმა ჯანმო-ში ტაივანი დაბლოკა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს, როდესაც მსოფლიოში ახალ კორონავირუსზე თითქმის არავინ იცოდა, ტაივანმა ონლაინ წყაროებიდან გაიგო ჩინეთში მწვავე ატიპიური პნევმონიის შემთხვევების შესახებ. ტაივანი შეეცადა, რომ ამის შესახებ მსოფლიოსთვის პირველს ეცნობებინა. მათ 31 დეკემბერს გააფრთხილეს ჯანმო ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადადების საშიშროებაზე, თუმცა ჯანმო-მ ეს არ გაითვალისწინა.

პანდემიის დასაწყისიდან ამ დრომდე ტაივანში კორონავირუსის 1183 შემთხვევა გამოვლინდა და 12 პაციენტი გარდაიცვალა, რის გამოც პანდემიის მართვის მხრივ ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

ვირუსთან ბრძოლაში წარმატების ფონზეც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის ზეწოლის გამო ტაივანს ორგანიზაციაში არ იღებს. შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს.

2019 აშშ-ს წინა ადმინისტრაცია ჯანმო-ს ადანაშაულებდა, რომ მისმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური გავრცელება განაპირობა. ვირუსის გამოჩენის შემდეგ ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქმედებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად? აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის სრულად არგასაჯაროების გამო ჩინეთის შესაძლო დასჯის შესახებ კითხვაზე თქვა, რომ მას სურს, გაიგოს ყველა ფაქტი. 

2020 წლის 30 მარტს COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული ჯანმო-ს მიერ შედგენილი კვლევა გამოქვეყნდა, მაგრამ ნაშრომმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისგან კრიტიკული შეფასებები მიიღო, რადგან ის ბევრად უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო. ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ საკვლევ მასალასთან ჩინეთის მხრიდან შეზღუდული წვდომა ჰქონდათ.

კომენტარები