ბრიუსელში გამართულ თამბაქოსა და ნიკოტინის გლობალურ ფორუმზე (GTNF) Counterfactual-ის დირექტორმა, ქლაივ ბეითსმა, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ფუნდამენტური გადატვირთვის საჭიროებაზე ილაპარაკა.
ბეითსი მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ (FCTC) განვითარებულ ინოვაციასა და მტკიცებულებებს არ შეესაბამება.
"პრევალენტობა მცირდება, მაგრამ გლობალურად მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. [...] ეს ნიშნავს, რომ მწეველების საერთო რაოდენობა კვლავ მზარდია - შესაბამისად, ყოველწლიურად მოწევით გამოწვეული დაავადებებით 7.5 მილიონი ადამიანი იღუპება". - ამბობს ბეითსი.
ბეითსმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ ასაკში მოწევის შეწყვეტას ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ გლობალური მასშტაბით თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა ჩამორჩენილია.
"მისია უცვლელია - ადამიანებმა არ უნდა დაიწყონ მოწევა, მაგრამ მეთოდი მოძველებულია. დღეს ახალი მიდგომები გაჩნდა, რომელთა უგულვებელყოფაც დაუშვებელია." - აღნიშნავს ბეითსი.
Counterfactual-ის დირექტორმა ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტები, როგორებიცაა ვეიფები, გასახურებელი თამბაქო, უკვამლო ალტერნატივები შეაფასა ისეთ "გარღვევად, რომელსაც FCTC არასდროს მოელოდა". მან შვედეთის წარმატებაზე მიუთითა: "შვედეთში გერმანიასთან შედარებით ნიკოტინის მაღალი მოხმარებაა, მაგრამ სიმსივნის მაჩვენებლები შედარებით დაბალია. ასე გამოიყურება ზიანის შემცირება".
ბეითსმა გააკრიტიკა ჯანმოს მხრიდან მიდგომა, რომ "არ არსებობს მტკიცებულება", რომ შემცირებული რისკის პროდუქტები სიგარეტთან შედარებით ნაკლებად საზიანოა.
"ზიანის შემცირება უგულებელყოფილია, რადგან მიჩნეულია თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკად, იყენებენ რა ინდუსტრიის რეპუტაციას კარგი მეცნიერების მოსაწამლად". - თქვა ბეითსმა.
ბეითსი ხაზს უსვამს, რომ FCTC-მ „ტოქსიკური“ ინდუსტრიის წინააღმდეგ მიკერძოების ინსტიტუციონალიზება მოახდინა, რაც თანამშრომლობასა და პროგრესს აჩერებს.
"თუ თამბაქოს ინდუსტრიას რაღაც მოსწონს, მაშინ ეს აუცილებლად ცუდი უნდა იყოს - ეს ის ლოგიკაა, რომელიც მათ პოლიტიკაშია კოდიფიცირებული. ასეთი დამოკიდებულების პირობებში სივრცე არ რჩება პოზიციების შეჯერებისთვის". - განაცხადა ბეითსმა.
Counterfactual-ის დირექტორი მიუთითებს, რომ ჯანმომ ინდოეთში, სადაც 100 მილიონი მწეველია, ადამიანი შემცირებული ზიანის პროდუქტების აკრძალვისთვის დააჯილდოვა.
"ინდოეთში, სადაც 100 მილიონი მწეველია, ჯანმო აჯილდოებს ადამიანს შემცირებული ზიანის პროდუქტების აკრძალვისთვის. ეს არ არის ლიდერობა - ეს არის დაუდევრობა". - აღნიშნავს ბეითსი.
ბეითსმა დასკვნის სახით მოქმედების საჭიროებაზე მიუთითა: "თუ უკეთესი შედეგები გსურთ, მოწევის პრევალენტობა უნდა შემცირდეს რაც შეიძლება სწრაფად. ნიკოტინზე მოთხოვნა თავისით არ გაქრება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი მოხმარება გაცილებით ნაკლებად საზიანო გავხადოთ - და, ჩვენ ამის გაკეთა იძულების გარეშე შეგვიძლია. მომხმარებლებს მივცეთ ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა".





