მიანმარი

მიანმარში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა

მეხუთე დღეა, შეკრებაზე აკრძალვისა და კომენდანტის საათის გამოცხადების მიუხედავად, მიანმარის მოსახლეობა სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს.

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. რეზინის ტყვიების გამოყენებამდე პოლიციამ რამდენჯერმე გამაფრთხილებლად ჰაერში გაისროლა. თუმცა, ექიმების თანახმად, აქციებზე ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. 

Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, სამშაბათს, 9 თებერვალს, დედაქალაქ ნაიფიიდოში პოლიციამ დემონსტრანტი ქალი თავის არეში დაჭრა, კიდევ ერთი კაცი კი გულმკერდის არეშია დაჭრილი. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ინფორმაცია ნაიფიიდოს საავადმყოფოს ექიმმა BBC-საც დაუდასტურა.

მასშტაბური აქციების ფონზე, რამდენიმე ქალაქში პოლიციელთა ნაწილი საპროტესტო აქციებს შეუერთდა. ქალაქ ლოიკავში 40-მდე პოლიციელი დემონსტრანტების მხარეს გადავიდა. მათ ბანერები ეჭირათ წარწერით: "მიანმარის პოლიციელები ხალხის გვერდით დგანან". ოთხ სხვადასხვა ქალაქში პროტესტს 20-მდე პოლიციელი შეუერთდა.

აშშ-მ და გაერომ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება დაგმეს.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამხედრო ძალებს, დათმონ ძალაუფლება, აღადგინონ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, გაათავისუფლონ დაკავებულები, მოხსნან კავშირგაბმულობაზე დაწესებული შეზღუდვები და თავი შეიკავონ ძალადობისგან". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

გაერომ მიანმარის სამხედრო ძალებს მოუწოდა, პატივი ეცათ მშვიდობიანი პროტესტის უფლებისთვის.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცათ, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში დაბლოკა Facebook, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციის მისაღებად და გასავრცელებლად იყენებდა. ამის შემდეგ გაიზარდა Twitter-ის მოხმარება, თუმცა მოგვიანებით ეს სოციალური ქსელიც დაიბლოკა. სამხედრო ძალების წარმომადგენლები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სოციალურ მედიას "მოსახლეობაში გაუგებრობის გამოსაწვევად იყენებენ".

ეს ნაბიჯი დაგმეს როგორც Twitter-ის და Facebook-ის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ ეს ადამიანის უფლებათა დარღვევების რისკს წარმოშობს.

მიანმარს (წარსულში ბირმა) 1962 წლიდან 2011 წლამდე სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. სამხედრო რეჟიმი ქვეყნის მართვის სადავეებს დღემდე არ უშვებს ხელიდან, რადგანაც 2008 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყნის პარლამენტის 25% სამხედროებს გადაეცათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (მინისტრების დანიშვნა, კონსტიტუციის შეცვლა) მხოლოდ ხმათა 75%-ზე მაღალი უმრავლესობითაა შესაძლებელი.

2011 წლის შემდეგ შემდეგ 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული საყოველთაო არჩევნები მეორე იყო, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა. 2015 წლის არჩევნებში ასევე აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბოლო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა მიიღო. აუნ სან სუ ჩის პარტიამ პარლამენტში ადგილების 83% მოიპოვა, სამხედროებთან დაახლოებულმა ოპოზიციამ, კავშირის სოლიდარობის და განვითარების პარტიამ კი მხოლოდ 25 ადგილი. სამხედრო ძალების ლიდერებმა არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. საარჩევნო კომისიამ უარყო დარღვევების არსებობა.

თავად აუნ სან სუ ჩის არჩევნებში მონაწილეობის და პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება არ აქვს, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სუ ჩი უკანასკნელ წლებში მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გაერომ გენოციდად შეაფასა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, მიანმარელი გენერლები გენოციდისათვის უნდა გასამართლდნენ, ხოლო აუნ სან სუ ჩიმ და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმარისი არ გააკეთეს მათ შესაჩერებლად.

ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლებისა და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

მიანმარის სისხლიანი კონფლიქტის წარმოშობის და აუნ სან სუ ჩის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

კომენტარები