ქართული ოცნების პარლამენტი ოპოზიციის დეპუტატებს მანდატებს ჯერჯერობით არ გაუუქმებს

ქართული ოცნება მანდატებს არ შეუჩერებს იმ ოპოზიციურ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

ირაკლი კობახიძე პარტიის ამ გადაწყვეტილებას "პრაგმატულს" უწოდებს და ამბობს, რომ ის რამდენიმე ძირითად მოსაზრებას ეფუძნება. 

"თუმცა საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

დღეს, 2 თებერვალს პარლამენტმა უნდა განიხილოს იმ 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რომლებმაც უკვე ოფიციალური განცხადებით მიმართეს პარლამენტს და უარი თქვეს მანდატებზე. 

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ქართული ოცნება, ამასთან დაკავშირებით პარტიაში პოლიტსაბჭოს ორი სხდომა ჩატარდა – ერთი გასულ საღამოს, მეორე კი დღეს დილით. 

ოპოზიციურ ბოიკოტზე ამ დროისთვის მხოლოდ ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებმა თქვეს უარი, რომლებიც დღეს პარლამენტში შევიდნენ.

მანდატზე უარი არ უთქვამს და არც პარლამენტში შესულა იაგო ხვიჩიას გირჩი. ლიბერტარიანულ იდეებზე დაფუძენბულმა პარტიამ პარლამენტს მიმართა და სთხოვა, კოლეგებს უფლებამოსილება არ შეუჩერონ. იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ის მოახერხებს და პარლამენტში იმდენ ოპოზიციონერ დეპუტატს შეიყვანს, რამდენიც საჭირო იქნება 113 ხმის მოსაგროვებლად, რაც აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. 


ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ გაყალბებისა და დაშინების ფონზე, არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდისგან მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მიზნით ოპოზიციურმა პარტიებმა, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან დიალოგის ოთხი რაუნდი გამართეს, თუმცა, არცერთ ამ შემთხვევაში არსებითი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. 

ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის შედგება და შედგება თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი. 

კომენტარები