მე-10 მოწვევის პარლამენტი

ხვიჩია: პირობას ვდებ, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია, პირობას დებს, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება. მისივე თქმით, 2 თებერვლამდე გამორიცხულია მისი პარლამენტში შესვლა და ამოცანა მთელი ოპოზიციის შესვლაა. 

"2 თებერვლამდე გამორიცხულია, იაგო ხვიჩია პარლამენტში შევიდეს. ჩემი აზრით, ჩვენი ამოცანა ამწუთას არის ის, რომ მთელი ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, გირჩის ჩათვლით და დანარჩენებიც. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ და მე როდესაც შევხვდი ბატონ მდინარაძეს, მას ვთხოვე კიდეც, რომ არ უყარონ კენჭი ან, სიტყვაზე, ჩააგდონ ამ შემთხვევაში განცხადებების განხილვა ოპოზიციის, იმიტომ, რომ დისკუსიები ამ თემაზე, რა ხდებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, დავიწყეთ ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ. მე პირობას ვდებ, რომ იქ [პარლამენტში] იქნება 113 დეპუტატი". – თქვა რუსთავი 2-თან ეთერში იაგო ხვიჩიამ

29 იანვარს მოქალაქეების წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს 2 თებერვალს უყრის

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ, პარლამენტისთვის განცხადებით ასევე არ მიუმართავთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს.

კომენტარები