არჩევნები 2020

კახიძე: ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა არის მისი ღირსების შელახვა

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტს ეხმაურება. კახიძე წერს, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა არის ღირსების შელახვა "ყოველგვარი მაგრამების გარეშე". 

"ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა არის მისი ღირსების შელახვა, ყოველგვარი მაგრამების გარეშე. როგორც კი იწყება მიზეზებზე საუბარი, რა ცუდი ადამიანი იყო, რომ რაღაც დააშავა, ვიღაც გაამწარა, ვიღაცას აწყენინა და ა.შ. - ამით ხდება ღირსების შემლახველი ქმედების გამართლება.

ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ადამიანს ასე არ შეიძლება მოექცე - თავზე ნაგავი არ უნდა დააყარო, არც უნდა დააშარდო და არც დაარწყიო (ბოდიში უხეში პარალელებისთვის).

თუ ვინმე ველურივით იქცევა, ეს არ უნდა გაამართლო და ამით მსგავსი ქმედება არ უნდა წაახალისო.

ასე არც ბოროტება დამარცხდება და არც უკეთესი ქვეყანა აშენდება." – წერს კახიძე თავის Facebook-გვერდზე.

აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა, ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც

მომხდარს გამოეხმაურნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიას თქმით, ის, რა ფორმითაც ეს ინციდენტი მოხდა, მიუღებელია მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია წერს, რომ არ შეიძლება მოსწონდეს ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა, თუმცა ძალიან კარგად ესმის იმ პოლიტიკოსზე გაბრაზებული ადამიანების მრისხანების. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ "ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება". ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, რომან გოცირიძე წერს, რომ ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო არის ბოლშევიზმი. 

 

კომენტარები