არჩევნები 2020

ბოკერია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატზე: რა ფორმითაც მოხდა ეს ინციდენტი, მიუღებელია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტს ეხმაურება. ბოკერიას თქმით, ის, რა ფორმითაც ეს ინციდენტი მოხდა, მიუღებელია მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის. 

"ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა დღეს ის ინციდენტი ერთ-ერთ ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ არჩევნების შედგების ლეგიტიმაცია მოეხდინა, არის მიუღებელი.

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია აღშფოთება, ბრაზი და ვთვლი, რომ რაღაც თვალსაზრით, ამ ხალხის შერცხვენა უფლება კი არა, საზოგადოების ვალდებულებაც შეიძლება იყოს. ოღონდ აქ ძალიან დიდი წითელი ხაზია ძალადობას და სიტყვიერ შეფასებებს შორის". – თქვა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში. 

აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა, ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც

მომხდარს გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი. სამადაშვილი წერს, რომ "ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება". სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი წერს, რომ პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

კომენტარები