კორონავირუსი და ეკლესია

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ სინოდი კომპეტენტურია, ვაქცინაზე იმსჯელოს და პოზიცია ჩამოაყალიბოს

patriarchate.ge

რა პოზიცია ექნება ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს, აიცრებიან, თუ არა სასულიერო პირები და მოუწოდებენ თუ არა იმავესკენ მრევლს, ამას წმინდა სინოდი გადაწყვეტს. 

ასე უპასუხა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას შესაბამის კითხვაზე. 

"ამაზე ჯერ არ უმსჯელია სინოდს და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული". – უთხრა დეკანოზმა გამოცემას. 

ჯერჯერობით წმინდა სინოდის მომდევნო სხდომის თარიღი ცნობილი არ არის. ამ კითხვით გამოცემამ საპატრიარქოს მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს, 12 იანვარს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის პირველმა თავმჯდომარემ, ლადო კახაძემ კომიტეტის სხდომაზე საპატრიარქოს დახმარება სთხოვა ვაქცინის მიმართ სანდოობის გაზრდის კუთხით.

ლადო კახაძემ ისიც თქვა, რომ მზადაა, პირველი იყოს, ვინც ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, ვაქცინის მისაღებად საქართველო მზად იანვრის ბოლოს იქნება. დღესვე მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ "უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით გახდება შესაძლებელი". 

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, საქართველოსთვის ოპტიმალურია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, რადგან ის არ საჭიროებს შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე.

11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველო Covid-ვაქცინაციისთვის მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანას განიხილავს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების ავტორიზაცია ექნება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაცია არ აქვს და საქართველო მოლაპარაკებებს მხოლოდ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების შემოტანაზე მართავს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინის "გარკვეულ მოცულობას" თებერვლის თვეში ელოდება.

კომენტარები