ვაქცინაცია

ცერცვაძე: ოპტიმალურია AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა, ჩინურ ვაქცინაზე რეკომენდაცია არ გამიცია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინურ ვაქცინაზე რეკომენდაცია მას არ გაუცია და ამას "ცალკეული მედია-საშუალებები შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ, წარმოაჩინონ"

ამის შესახებ ცერცვაძე Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ის ხელმძღვანელობს მხოლოდ COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი არაა და შესაბამისად, არ მონაწილეობს ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი.

"პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისათვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, AstraZeneca-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე". – წერს ცერცვაძე. 

ჩინურ ვაქცინას რაც შეეხება, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ რჩება თავის აზრზე და ის არაა "ხელწამოსაკრავი" და შესაძლოა, იყოს არანაკლებ ეფექტიანი.

"რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი", რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია და სხვ., მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის". – წერს ცერცვაძე. 

11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველო Covid-ვაქცინაციისთვის მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანას განიხილავს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების ავტორიზაცია ექნება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაცია არ აქვს და საქართველო მოლაპარაკებებს მხოლოდ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების შემოტანაზე მართავს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინის "გარკვეულ მოცულობას" თებერვლის თვეში ელოდება.

კომენტარები