კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: იანვრის ბოლომდე მზად ვიქნებით ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად იანვრის ბოლოსთვის უკვე მზად იქნება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

"იანვრის ბოლომდე ჩვენ უკვე მზად ვიქნებით პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად, რომელიც მიმართული იქნება ჯანდაცვის პროფესიონალებისკენ, რადგან ყველა ქვეყანაში ეს არის პირველი ჯგუფი, ვინც იღებს ვაქცინაციას, შემდეგ ამას მოყვება ადამიანები ვინც არის ასაკში, მაღალი რისკის მატარებელი კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში და შემდეგ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, გავრცელდება მოსახლეობის სხვა დანარჩენ ჯგუფებზე". –ამბობს გაბუნია. 

გაბუნიას თქმით, პირველი ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს, შესაძლოა, გახდეს Pfizer-ის ვაქცინა და საწყის ეტაპზე მისით ჯანდაცვის სპეციალისტები ისარგებლებენ.

"დღეს ჩვენთვის მიზანი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ხარისხიანი ვაქცინა და ქვეყანა ფეხდაფეხ გაყვეს ამ მოძრაობას ვაქცინაციის პროცესში. კოვაქსი ამ შესაძლებლობას გვთავაზობს  და Pfizer-ის ვაქცინა შეიძლება გახდეს ის პირველი ვაქცინა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ ამას მოყვება AstraZeneca-ის ვაქცინა, ეს ორი არის ყველაზე ახლოს რიგში, რომელიც ჩვენ შესაძლებელია მივიღოთ კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ორივეს აქვს შესაფერისი მარეგულირებლის და ჯანმოს აღიარება". – თქვა თამარ გაბუნიამ.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, საქართველოსთვის ოპტიმალურია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, რადგან ის არ საჭიროებს შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე.

11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველო Covid-ვაქცინაციისთვის მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანას განიხილავს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების ავტორიზაცია ექნება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაცია არ აქვს და საქართველო მოლაპარაკებებს მხოლოდ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების შემოტანაზე მართავს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინის "გარკვეულ მოცულობას" თებერვლის თვეში ელოდება.

 

 

კომენტარები