კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ჩინური ვაქცინა ჯანმოს არ უღიარებია, ასტრაზენეკას, მოდერნას და ფაიზერს განვიხილავთ

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო Covid-ვაქცინაციისთვის მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანას განიხილავს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების ავტორიზაცია ექნება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაცია არ აქვს და საქართველო მოლაპარაკებებს მხოლოდ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების შემოტანაზე მართავს.

"მკაცრი მარეგულირებელი ორგანოები განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, შედის ამ ჩამონათვალში 35 ქვეყანა, მაგალითად, აშშ-ის წამლის და კვების სააგენტო, გერმანიის მარეგულირებელი, ევროპის მარეგულირებლები.

მხოლოდ ამ ვაქცინებთან დაკავშირებით არის მოლაპარაკება და ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შეიძლება იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო განიხილავს გამოყენებისთვის.

ამ ეტაპზე არც ერთი ჩინური ვაქცინა (სინოვაკი და სინოფარმი არის ყველაზე წინწასული),  ჯერჯერობით არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არაა აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული..

ამ ეტაპზე ჩვენ რასაც განვიხილავთ, ეს არის ფაიზერი, ასტრაზენეკა და მოდერნა. ეს ვაქცინებია, რომელიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს და ასეც არის ასახული გეგმაში". –თქვა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დღესაც რომ გვქონდეს ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინა, სამ ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - არის მინუს 80 გრადუსის ტემპერატურის მქონე მაცივრები, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინის შენახვა.

"პრობლემა ეს არ არის და არც ძვირი არაა ეს მაცივარი იმდენად, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ შესყიდვა მოკლე ვადაში, ამ მიმართულებითაც მუშაობა დაწყებულია, წინასწარი მოკვლევით, 23 000 დოლარია ერთი მაცივრის ღირებულება, დამატება თუ დაგვჭირდა, ამასაც შევიძენთ". – ამბობს გაბუნია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის.  ის ამბობს, რომ "ყველაზე რეალური" ასტრაზენეკასა და "ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის" შემოტანა ჩანს. 

"მათ ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებთან შედარებით აქვთ ის სერიოზული უპირატესობა, რომ არ საჭიროებენ შენახვას სპეციალური რეჟიმით. ეს ვაქცინები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება და ამიტომ, მათი ტრანსპორტირება და მოხმარება გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე იმ ორი ვაქცინისა" - თქვა ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინის "გარკვეულ მოცულობას" თებერვლის თვეში ელოდება.

კომენტარები