არჩევნები 2020

პარლამენტში ოპოზიციის შესვლის გარეშე არჩევნების შემსწავლელი კომისია ვერ შეიქმნება

ქართული ოცნების სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ უმრავლესობის ინიციატივით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს შეისწავლის.

ირაკლი კობახიძემ პირობაც კი დადო, რომ თუკი ეს კომისია 1%-იან გადაცდომას მაინც აღმოაჩენს მმართველი გუნდის სასარგებლოდ, ის პოლიტიკიდან წავა. 

თუმცა, ასეთი კომისიის შექმნა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის გარეშე შეუძლებელია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიხედვით, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აწესრიგებს, აუცილებელია, რომ კომისიაში საპარლამენტო ფრაქციების თითო წევრი მაინც იყოს წარმოდგენილი. ამავე მუხლის მიხედვით, დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლების რაოდენობა, მინიმუმ, კომისიის წევრთა ნახევარი მაინც უნდა იყოს. 

როგორც კონსტიტუციონალისტი, დავით ზედელაშვილი განმარტავს, კონსტიტუციის ეს მოთხოვნა საპარლამენტო მმართველობაში ოპოზიციის საკვანძო მაკონტროლებელი ფუნქციის ლოგიკიდან გამომდინარეობს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მთავრობაზე პარლამენტის კონტროლის ერთერთი უმთავრესი მექანიზმია და კონსტიტუციით გარანტირებულია რომ ოპოზიციას მის მუშაობაში წამყვანი როლი ჰქონდეს.

"რადგან საპარლამეტო მმართველობაში საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა ხშირად ერთი პოლიტიკური ჯგუფია, ერთიანი პოლტიკური მიზნებით, მიიჩნევა, რომ საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანი განხორციელების ყველაზე უკეთესი მოტივაცია ოპოზიციას აქვს. შესაბამისად, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ლოგიკა მოითხოვს, რომ კონტროლის ბერკეტი მიეცეს საპარლამენტო ოპოზიციას, ანუ მისი ეფექტიანად განხორციელებისთვის ყველაზე მაღალი მოტივაციის მქონე აქტორს". – ამბობს დავით ზედელაშვილი. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. 

ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. ამ დრომდე ეს ოპოზიციის საერთო მოთხოვნებად განიხილებოდა, ფასილიტატორების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების ოთხი რაუნდის განმავლობაში, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური წარმომადგენლისთვის პარლამენტში შესასვლელი მარჟა უფრო დაბალია და უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე გადის, რომელსაც ასევე ვერ მიიღებს პარლამენტი, თუკი იქ ოპოზიციის 23 დეპუტატი არ შევა. 

კომენტარები