არჩევნები 2020

კობახიძე: II მოსმენისას 116 ხმა გვექნება, თუ ვინმე გადაიფიქრებს, ნიშნავს, რომ ენმ-ს გაურიგდა

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის დროს, ევროპული საქართველოს გარეშე, 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდა, შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ამავე 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდება. კანონპროექტის მიღებას 113 მხარდაჭერა სჭირდება, აქედან გამომდინარე, მყარი საფუძველი [გვაქვს] ოპტიმიზმისთვის და ვფიქრობ, რომ ხვალ, მეორე მოსმენით, წარმატებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.

იმ დეპუტატმა, რომელიც მეორე მოსმენის დროს მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ნაციონალურ მოძრაობასთან ღია გარიგება უნდა დააფიქსიროს.

თუ პირველი მოსმენის დროს, ორი დღით ადრე, უჭერდი მხარს და ორი დღის შემდეგ შეიცვალე პოზიცია, ეს ნიშნავს, რომ შენ შეხვედი ძალიან მძიმე და არასწორ გარიგებაში. ბუნებრივია, ნებისმიერი დეპუტატისთვის მომგებიანი არ იქნება ასეთი რამის დემონსტრირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები და ხვალ 116 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი

ამბობს რუსთავი 2-თან საუბარში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე. 21 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომელიც არჩევნების 120/30-ზე ჩატარებას ითვალისწინებს. კენჭისყრაში ენმ-მ მონაწილეობა არ მიიღო, ევროპულმა საქართველომ კი პირველი მოსმენით კანონპროექტს მხარი დაუჭირა, თუმცა, II-III მოსმენებს გიორგი რურუას გათავისუფლებამდე არ დაესწრება.

კომენტარები