ეკონომიკა

ამერიკელები, საუდები, როსნეფტი და პუტინის წარუმატებელი სანავთობო ბლიცკრიგი

პანდემიით გამოწვეული არნახული ეკონომიკური კრიზისის პირას მყოფ მსოფლიოში, გასული კვირის მთავარი სიახლე OPEC+-ის ახალი შეთანხმება და ამგვარად, ერთთვიანი სანავთობო ომის დასრულება იყო. რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის გაჩაღებული ბლიცკრიგის მსვლელობისას, ნავთობის საერთაშორისო ფასი მეოცე საუკუნის მიწურულს არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

6 მარტს ვენაში დაწყებული დაპირისპირება 12 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში დროებითი ზავით დასრულდა. ფასების დროებით გამყარების იმედით, მხარეები ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების ოპტიმისტური მოლოდინი ფინანსურ ბაზრებსაც გადაედო - საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, რომელიც თვის დასაწყისში 25 დოლარი ღირდა, 35 დოლარამდე გაძვირდა. ტრადიციულად, ნავთობის ფასს გაჰყვა რუბლიც და ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ დღეში გამყარების ახალი რეკორდიც დააფიქსირა.

რუსეთმა ერთთვიან სანავთობო ომში გამანადგურებელი მარცხი იწვნია. საბოლოოდ, რუსები საუდების მიერ პრაქტიკულად ულტიმატუმის ფორმით წამოყენებულ ყველა პირობას დათანხმდნენ. უნდა ითქვას, რომ ამჯერად პირობები ბევრად წამგებიანი იყო, ვიდრე 6 მარტს, როდესაც რუსეთმა მსოფლიო სანავთობო ინდუსტრია თავდაყირა დააყენა.

რა მოხდა?

საჯაროდ ცნობილი ფაქტების გათვალისწინებით, ამერიკელი ფიქლის ნავთობის მწარმოებლების ბაზრიდან გაგდების იდეა რუსეთის მმართველ ელიტაში დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, ხოლო კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ამის გასაკეთებლად იდეალურ მომენტად ჩაითვალა. თებერვლის დასაწყისში Reuters-მა მოიპოვა ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული სანავთობო კომპანიის როსნეფტის დირექტორის, იგორ სეჩინის წერილი, რომელიც მან თავის ძველ მეგობარს ვლადიმირ პუტინს მისწერა. 

სეჩინი პუტინს წერდა, რომ OPEC-თან 2016 წელს ნავთობის შემცირების შესახებ გაფორმებული შეთანხმება რუსეთისთვის სტრატეგიულ საფრთხეებს ქმნიდა და გარიგება ხელს ამერიკელებს აძლევდა, რომლებიც შეთანხმების მიღმა რჩებოდნენ და ბაზრის მზარდ წილს აგრესიულად ითვისებდნენ. 

ვლადიმირ პუტინი და იგორ სეჩინი, 1996 წელს სანქტ-პეტერბურგი

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ბოლოს, ახალი კორონავირუსი ჯერ კიდევ მხოლოდ ჩინეთში იყო ფართოდ გავრცელებული, შემცირებული ავია და სატვირთო გადაზიდვების ფონზე ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება მყარ რეალობას წარმოადგენდა. სწორედ ამ მომენტში, საუდის არაბეთი OPEC+-ის საგანგებო შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, რომელზეც მხარეებს მოპოვების 1,5 მილიონი ბარელით შემცირება უნდა განეხილათ. საგანგებო შეხვედრა 4-6 მარტს ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა.

შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, პირველ მარტს, ვლადიმირ პუტინი სანავთობო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე პუტინი ამბობს, რომ რუსეთს აწყობს ნავთობის მიმდინარე ფასები და დაგროვებული რეზერვების ხარჯზე, ქვეყანა უპრობლემოდ შეასრულებს ბიუჯეტურ და სოციალურ ვალდებულებებს იმ შემთხვევაშიც, თუ ფასები დაეცემა. მარტივად რომ ვთქვათ, შეხვედრის პროცესში გასაგები გახდა, რომ მოპოვების შემცირება რუსეთის გეგმებში არ შედიოდა. 

ზუსტად ამ პოზიციით გაფრინდა ვენაში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრ ნოვაკი. რუსეთმა საუდის არაბეთს მოპოვების ტემპის პირველი კვარტლის დონეზე შენარჩუნება შესთავაზა. საუდის არაბეთმა რუსეთის წინადადებას უარყო და უარის შემთხვევაში ძველი ალიანსიდან გასვლით დაიმუქრა. 

არაბების პოზიციების მოსმენის შემდეგ, ნოვაკი სასწრაფოდ მოსკოვში გაფრინდა, საიდანაც, საბოლოო უარით 6 მარტს კვლავ ვენაში დაბრუნდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, რომლის ფასიც შეხვედრამდე 3 დოლარით გაიზარდა, იმავე დღეს 10%-ით დაეცა, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. 

უქმეებზე არაბთა სამეფომ ფასების ომი ოფიციალურად გამოაცხადა. საუდის არაბეთში ამბობდნენ, რომ მოპოვებას დღიურად 2,3 მილიონით, რეკორდულ 12,3 მილიონ ბარელამდე გაზრდიდნენ. პარალელურად, სახელმწიფო სანავთობო კომპანია Saudi Aramco-მ უპრეცედენტო ფასდაკლებები დააწესა და ევროპელ მყიდველებს საკუთარი ნავთობი 25 დოლარად შესთავაზა. საუდის არაბეთის მხარეს გამოვიდა ერაყი, ქუვეითი და გაერთიანებული საემიროები - ისინი მზად იყვნენ, გაეზარდათ მოპოვება და პროდუქცია ფასდაკლებით გაეყიდათ. 

თავის მხრივ, მოპოვების გაზრდის მზაობა გამოთქვეს მოსკოვშიც. როსნეფტში ამბობდნენ, რომ მოპოვებას დღეში 300 ათასი ბარელით გაზრდიდნენ, თუმცა საუდების მუქარის ფონზე ეს აშკარად უღიმღამოდ გამოიყურებოდა. 

უქმეებზე განვითარებული მოვლენების შედეგად, ორშაბათს, 9 მარტს, ნავთობის ფასი 35 დოლარამდე დაეცა. დღის ბოლოს მოსკოვში ოპტიმისტურმა განწყობამ დაისადგურა, რადგან ამ ფასის პირობებში ფიქლის ნავთობის წარმოება წამგებიანი გახდა. რუსი ჩინოვნიკები ითვლიდნენ, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იქნებოდა საკმარისი დაგროვილი რეზერვები. 

უკვე 13 მარტს, რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ანდრეი ბელუოსოვმა თქვა, რომ "35-დოლარიანი ნავთობი ახალი, მყარი რეალობაა, რომელშიც რუსეთი უახლოეს პერიოდში იცხოვრებს."

პარალელურად, ბაზრის ანალიტიკოსები ცდილობდნენ, დაეთვალათ, შემცირებული მოთხოვნისა და ჭარბი მიწოდების ფონზე, როდის გადაივსებოდა არსებული ლოჯისტიკური სიმძლავრეები. რამდენიმე ბანკმა უახლოეს მომავალში ნავთობზე უარყოფითი ფასების პროგნოზი გააკეთა - გამყიდველებს მოუწევდათ, პირიქით გადაეხადათ მყიდველებისთვის, რომლებიც პროდუქციის შენახვას საკუთარ თავზე აიღებდნენ. 

ამ ფონზე ერთადერთი, ვინც ოპტიმიზმს ინარჩუნებდა, იგორ სეჩინია. 20 მარტს სეჩინმა თქვა, რომ ამერიკული ფიქლის მწარმოებლების გაკოტრების შემდეგ, ნავთობის ფასი 60-დოლარიან ნიშნულს წლის ბოლომდე დაუბრუნდებოდა. დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადებით გამოდივიდა ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც. 

პესკოვის თქმით, ნავთობზე "ფასის ვარდნა კატასტროფა არ არის და რუსეთს გამძლეობის დიდი მარაგი აქვს", ხოლო ამერიკული კომპანიები უკვე "გაკოტრების პირას არიან". ამ განცხადებების მიუხედავად, პოზიტიური სცენარის არარსებობის პირობებში ნავთობის ფასები სულ უფრო შემცირდა. 

35-დოლარიანი ნიშნული პროდუქციამ სულ რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნა, ხოლო შემდეგ 30 დოლარამდე, მოგვიანებით კი, 25 დოლარს ქვემოთ დაეცა. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა რუსული ნავთობისთვის - მყიდველები ან უარს ამბობდნენ შეკვეთებზე, ან, დამატებით ფასდაკლებებს ითხოვდნენ. 

მარტის ბოლო დღეებში ყველაზე პოპულარული რუსული წარმოების ნავთობის URALS-ის ფასი 10,5 დოლარამდე დაეცა. ამ ფასის პირობებში, რუსეთის ბიუჯეტი ვერანაირ სარგებელს ვერ იღებდა, ხოლო ექსპორტი ევროპაში წამგებიანი გახდა. აქედან გამომდინარე, რუსეთს ნავთობის ექსპორტირება უფრო ძვირი უჯდებდა, ვიდრე გასაყიდი ფასია. 

20 მარტს Bloomberg გამოაქვეყნა სტატიაა, რომელშიც კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამბობდა, რომ რუსეთი დათმობას არ აპირებდა. გამოცემასთან საუბარში ანონიმური წყარო აცხადებდა, რომ პუტინი დაზავების ინიციატივას არ გამოიჩენს, რადგან მისი "მმართველობის პრინციპია, არ წავიდეს დათმობაზე, როდესაც მასზე წნეხი ხორციელდება". "პუტინი არ განეკუთვნება ადამიანების ტიპს, რომლებიც ნებდებიან, იმ შემთხვევაშიც თუ ბრძოლა ძალიან ძვირი უჯდება", — ამბობდა ანონიმური რესპონდენტი. 

უცნობია, რითი დამთავრდებოდა ყველაფერი, საქმეში დონალდ ტრამპი რომ არ ჩარეულიყო. საბოლოოდ, სწორედ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, "მისი მმართველობის პრინციპის საწინააღმდეგოდ", პუტინმა გამოთქვა მზაობა, შეემცირებინათ მოპოვება

საწყის ეტაპზე აშშ-ის პრეზიდენტი ნავთობის დაბალი ფასების შესახებ დადებით კონტექსტში საუბრობდა და ამბობდა, რომ ეს აშშ-ის ეკონომისკისთვის დამატებითი სტიმული იქნებოდა. როგორც ჩანს, საბოლოოდ ტრამპმა ყური დაუგდო ნავთობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და ისედაც რეკორდულად გაზრდილი უმუშევრობის ფონზე, სექტორში არსებული 10 მილიონი სამუშაო ადგილი უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა, ვიდრე იაფი ბენზინი. 

მშრალი შედეგი

საბოლოოდ მიღწეული შეთანხმებით, რუსეთის ნავთობის ნაციონალურმა მწარმოებლებმა ბაზრის ის წილი დაკარგეს, რომელიც 6 მარტამდე გააჩნდათ. შედარებისთვის, მარტში რუსეთმა უარი თქვა, მოპოვება 700 ათასი ბარელით შეემცირებინა, საბოლოოდ კი, 2,5 მილიონი ბარელით შემცირებას დათანხმდა. 

როგორც ყოველთვის, აშშ-მა შეთანხმებაში მონაწილეობასა და ფორმალური ვალდებულებების აღებაზე კვლავ უარი თქვა. მიუღწეველი დარჩა ამერიკელი ფიქლის ნავთობის მწარმოებლების გაკოტრების მიზანიც, მით უფრო, რომ ამ კომპანიების უმეტესობას, ტრადიციული ნავთობის მომპოვებული ისეთი გიგანტები ფლობენ, როგორიცაა Exxon და Chevron. 

ფასების შემდგომი ზრდის შემთხვევაში, ამერიკელი ფიქლის ნავთობის მწარმოებლები კვლავ გააგრძელებენ ბაზრის აგრესიულ ათვისებას. მეტიც, ბოლო დღეებში ბაზარზე განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთს, შესაძლოა, დამატებით დათმობებზეც მოუწიოს წასვლა. 

საქმე ისაა, რომ ახალი შეთანხმების მიუხედავად, ნავთობზე ფასები ძალიან უმნიშვნელოდ გაიზარდა. ამ დროისთვის, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 28 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო რუსული ნავთობის ფასი 17 დოლარს არ აღემატება. 

ამ ძალზედ წარუმატებელი ბლიცკრიგის შედეგად, რუსეთმა პირდაპირი შემოსავლის სახით დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი იზარალა. შედარებისთვის, მომავალ თვეში ნავთობის გაყიდვიდან რუსეთის ბიუჯეტის სარგებელი თითეულ გაყიდულ ბარელზე 90 ცენტამდე დაეცა.

ამას ემატება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, ნავთობის საერთაშორისო მიწოდება მოთხოვნას 20 მილიონი ბარელით აღემატება და OPEC+-ის შეთანხმება მოპოვების 10 მილიონი ბარელით შემცირებაზე შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. 

თუკი უახლოეს მომავალში მოთხოვნა და მოხმარება არ გაიზრდება, უკვე ივნისში, შესაძლოა, მსოფლიოში ნავთობის შემნახველი ლოჯისტიკური სიმძლავრეები ამოიწუროს. ამ ფონზე კი, დამატებითი შემცირების და რუსეთის მხრიდან ახალი დათმობების ალბათობა სულ უფრო იმატებს.

ზოგადად ნავთობზე ფასების შემცირება რუსეთში მეტად მტკივნეულ თემად მიიჩნევა. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში იმავე საუდის არაბეთის მიერ საფასო ომის წამოწყება და ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ვარდნა სსრკ-ს დაშლის კატალიზატორი გახდა. 

1985-დან 1991 წლამდე ნავთობის ფასი 32 დოლარიდან 12 დოლარამდე დაეცა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამჯერად რუსეთი კრიზისითვის გაცილებით უფრო კარგად არის მომზადებული, ვიდრე საბჭოთა კავშირი.

კომენტარები