ეკონომიკა

კობახიძე: ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ვართ ღია ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კობახიძის შეფასებით, გასული ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას ეკონომიკური ზრდის "შთამბეჭდავი" მაჩვენებელი აქვს. 

"ლარის საიუბილეო წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, ამ კუთხით ვართ ლიდერი არამხოლოდ ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად, კონტინენტის მასშტაბით. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10% შეადგინა, რაც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ასევე, ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან ძალიან ახლოს არის, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების მიხედვით, საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, მოწინავე სამეულშია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს განვითარების ეს გზა" - თქვა კობახიძემ. 

კომენტარები