სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა არ უპასუხა, ემხრობა თუ არა სანქციებს რუსეთისთვის საქართველოს ოკუპაციის გამო

სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, უჭერს თუ არა მხარს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაკისრებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო.

უკრაინელმა პარლამენტარმა, ოლექსი გონჩარეკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხოდმაზე ზურაბიშვილს ჰკითხა, უჭერს თუ არა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მსგავს სანქციებს რუსეთისთვის. საქართველოს პრეზიდენტს კი ამ საკითხზე თავის პასუხში არაფერი უთქვამს.

გთავაზობთ გონჩარენკოს შეკითხვასა და ზურაბიშვილის პასუხს სრულად:

გონჩარენკო: პუტინის აგრესიის შედეგები თქვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ჩემი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის, საშინელია. მაგრამ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ევროსაბჭოს წესდების დარღვევას, არაფრად აგდებს ამ ასამბლეის რეზოლუციებს.

რა შეიძლება გაკეთდეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ზოგადად და ევროსაბჭოს მიერ, კონკრეტულად საქართველოს თავმჯდომარეობისას, რომ რუსეთს ვაიძულოთ თავისი ვალდებულებების შესრულება?

უჭერთ მხარს რუსეთის ფედერაციისთვის ევროკავშირის სანქციების შემოღებას თქვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვისაც?

ზურაბიშვილი: დიახ, მართლაც, რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, არღვევს რეზოლუციებს და სანამ, სამწუხაროდ, უკრაინაც გაივლიდა ამას, ჩვენ დიდი ხანი განვიცდიდით იგივეს. პრობლემა აქ იმაშია, რაზეც მე მივუთითებდი ორმაგ სტანდარტებთან მიმართებით: არიან ქვეყნები, რომლებსაც არ შეუძლიათ, პატივი სცენ თავიანთ ვალდებულებებს, როგორც სხვებმა, როცა მონიტორინგი იმდენად ეფექტიანი არაა, როგორიც სხვა შემთხვევებში. რამდენადაც უფრო დიდები არიან, უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან სანქციებს, მათ აღსრულებას ან მკაცრ მონიტორინგს. ამდენად, ჩემი მოწოდება ამ ორგანიზაციისადმი ის იქნება, რომ რაც შეიძლება მეტად უზრუნველყოს, იგივე სტანდარტები გავრცელდეს ყველა ქვეყანაზე. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა შეთანხმებას რომელიც შედგა, იმათი ჩათვლით, რომლებიც ჩემს გამოსვლაში ვახსენე. ფაქტია, ჩვენ ცალმხრივად ვთქვით ომზე უარი, თუმცა ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი უპასუხოდაა დარჩენილი."

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ზურაბიშვილის გამოსვლას "სამარცხვინო და კატასტროფული" უწოდა. ბოკერიას თქმით, აერთაშორისო სანქციები ერთადერთი ბერკეტია ჩვენი მოქალაქეების მოტაცება-მკვლელობების და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ალბათობის შემცირების.

კომენტარები