კანადა

ჯასტინ ტრუდომ 2001 წელს სკოლის გალაზე სახის ყავისფრად შეღებვისთვის ბოდიში მოიხადა

Time Magazine

Time Magazine-მა გაავრცელა სურათი, რომელზეც კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს სკოლის გალაა ასახული. ტრუდო კერძო სკოლაში ასწავლიდა. ვანკუვერის West Point Grey Academy-ს გალა არაბული ღამის თემატიკის იყო და ფოტოზე ტრუდოს სახე ყავისფრად აქვს შეღებილი.

მან ფოტოს ნამდვილობა დაადასტურა და სახის ყავისფრად შეღებვისათვის ბოდიში მოიხადა.

ტრუდომ თქვა, რომ გალაზე ალადინის ფორმაში იყო გამოწყობილი, თუმცა ამგვარ საქციელს ნანობს და საკუთარი ქმედებები უკეთ უნდა განესაჯა.

"მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს გადაწყვეტილებაზე. ეს არ უნდა გამეკეთებინა. ეს მაშინ რასისტულად არ მიმაჩნდა, მაგრამ ახლა ვცნობ, რომ რასისტული საქციელი იყო და ვწუხვარ." თქვა მან.

მან მედიასთან საუბარში თქვა, რომ მსგავსი მაკიაჟი სხვა დროს, სტუდენტური ტალანტების შოუზეც გაუკეთებია.

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერმინისტრის პოსტზე კენჭს ხელახლა იყრის. არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. გამოკითხვებით უკანასკნელ წლებში ტრუდოს რეიტინგი მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით კი კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ.

სახის შავად და ყავისფრად შეღებვა რასისტულად აღიქმება გასული საუკუნეების პრაქტიკის გამო, როდესაც მსახიობები სახეს იღებავდნენ და აფრიკელ-ამერიკელების კარიკატურას დგამდნენ რასისტული სტერეოტიპებით.

ბოლო წლებში სახის შავად, ყავისფრად ან ყვითლად შეღებვისათვის სკანდალში არაერთი პოლიტიკოსი და სხვა ცნობილი ადამიანი გაეხვა.

მათ შორის ვირჯინიის გუბერნატორი, რალფ ნორსჰემი რომლის 1984 წლის კოლეჯის გამოსაშვებ ალბომში დაბეჭდილ ფოტოზე ერთ-ერთ პირს კუ კლუქს კლანის ფორმა აცვია, ხოლო მეორეს სახე შავად აქვს შეღებილი. ნორსჰემმა უარყო, რომ ფოტოზე თავადაა გამოსახული.

კომენტარები