კანადა

მარკ კარნი კანადის ახალი პრემიერმინისტრი გახდა

მარკ კარნი
Graham Hughes/Bloomberg

კანადის ლიბერალური პარტიის ახალმა ლიდერმა, მარკ კარნიმ პრემიერმინისტრის თანამდებობა დაიკავა. კარნი ყოფილ პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს. 

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ტრუდომ პრემიერობის პოსტი ოფიციალურად დატოვა.

გარდა ამისა, ინაუგურაციაზე კარნის კაბინეტის მინისტრებიც დაინიშნენ:

  • ფინანსთა ყოფილი მინისტრი, დომინიკ ლებლანკი, ახლა საერთაშორისო ვაჭრობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მინისტრად დაინიშნა. 
  • ინოვაციის, მეცნიერებისა და მრეწველობის ყოფილი მინისტრი, ფრანსუა-ფილიპ შამპანი ახლა ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. 
  • კანადის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრის ყოფილი მოადგილე, ქრისტია ფრილანდი, რომელიც წინა წლის დეკემბერში გადადგა, ახლანდელ კაბინეტს დაუბრუნდა და ტრანსპორტისა და შიდა ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
  • გარემოს ყოფილი მინისტრი, სტივენ გილბო კანადის კულტურისა და იდენტობის მინისტრი და კანადისა და კვებეკის პარკების ლეიტენანტი იქნება
  • სპორტის ყოფილი მინისტრი, ტერი დუგუდი გარემოს მინისტრის თანამდებობას დაიკავებს

კარნის კაბინეტში რიგი მინისტრები თანამდებობას არ იცვლიან, კერძოდ, მელანი ჯოლი კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ბილ ბლერი კვლავ ეროვნული თავდაცვის მინისტრი იქნება, ჯონათან ვილკინსონი კი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად რჩება. 

კარნიმ ფიცი კანადის ორ ოფიციალურ ენაზე, ინგლისურად და ფრანგულად, დადო. ახალმა პრემიერმა დადო ფიცი, რომ მეფე ჩარლზ III-ის ერთგული იქნება.

BBC წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩარლზ III-მ ახალ პრემიერმინისტრს პირადი მიმოწერით მიულოცა.

კანადის მომავალი პრემიერმინისტრი კარნი, რომელიც 59 წლისაა, თანამდებობას მომდევნო დღეებში დაიკავებს და მოუწევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწყებულ სავაჭრო ომზე ქვეყნის პასუხი შეიმუშაოს. კარნი როგორც კანადის, ასევე ინგლისის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე იყო და მოსალოდნელია, რომ იგი მალევე დანიშნავს საყოველთაო არჩევნებს, რათა წინასაარჩევნო გამოკითხვებში ასახული იმპულსი გამოიყენოს კანადის კონსერვატიული პარტიის წინააღმდეგ. 

ჯერ კიდევ კვირების წინ მოსალოდნელი იყო, რომ კონსერვატორები არჩევნებში გამარჯვებას დიდი უპირატესობით მოახერხებდნენ. თუმცა, ვითარება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შეიცვალა, როდესაც იგი კანადას 25%-იანი ტარიფებით დაემუქრა. ამან საფრთხე შეუქმნა ამერიკულ ბაზარზე კანადისთვის გადასახადების გარეშე წვდომას, რაც ათწლეულობის მანძილზე ქვეყნისთვის ეკონომიკური მამოძრავებელი იყო.

კანადის ანექსირებისა და მისი 51-ე შტატად გადაქცევის შესახებ ტრამპის განცხადებებმა კანადელ მაღალჩინოსნებში შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც ამბობენ, რომ ტრამპის სიტყვას პირდაპირ იღებენ და სჯერათ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მზადაა, კანადის ეკონომიკის გადატეხით ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინოს.

"სასწორზე ბევრი რამეა". - თქვა კარნიმ ლიბერალური პარტიის წევრებთან საუბრისას: "ჩვენ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდებულ ქვეყნად ვაქციეთ, და ახლა ჩვენს მეზობელს ჩვენი წაღება სურს. არანაირად. შეუძლებელია".

შიდაპარტიულ არჩევნებში კარნის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. კარნიმ შიდაპარტიულ არჩევნებში სამი კანდიდატი დაამარცხა, მათ შორის, ტრუდოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილენდი, რომლის გადადგომასაც დეკემბერში ტრუდოს დაღმასვლა მოჰყვა. პარტიის ლიდერობისთვის რბოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ არაპოპულარულმა ტრუდომ იანვარში გამოაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა. 

თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანადის ლიბერალური პარტია მემარჯვენე კონსერვატიულ პარტიას თითქმის 20 ქულით ჩამოუვარდებოდა, რაც ტრუდოსა და მისი მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა. თუმცა, გამომკითხველების თქმით, პოლიტიკური ვითარება ტრამპის მზარდად აგრესიული პოზიციებმა და ტრუდოს გადადგომამ შეცვალა.

Leger-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, კონსერვატორებს 41%-ით 33%-ის წინააღმდეგ უსწრებენ კარნის ხელმძღვანელობით ლიბერალების პარტიას, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სურათია ლიბერალებისთვის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც Leger-ის გამოკითხვით კონსერვატორები პარტიას 18%-იანი ქულით უსწრებდნენ. სხვა გამოკითხვები, როგორიც Nanos Research-ისაა, უფრო ახლო რბოლას პროგნოზირებს, რადგან აღნიშნული გამოკითხვით ორი პარტიის მაჩვენებელი სტატისტიკურად გათანაბრებულია.

კომენტარები