კანადა

კანადის არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა

კანადის დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახურის, Election Canada-ს წინასწარი მონაცემებით, კანადის ფედერალურ არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრემიერმინისტრი, მარკ კარნია.

Election Canada-ს უახლესი მონაცემებით, ინფორმაცია საარჩევნო უბნების დაახლოებით 98%-იდან აქვთ მიღებული. 

სახელმწიფო სამსახურის წინასწარი შედეგების თანახმად, ლიბერალური პარტია ხმების 43.3%-ს აიღებს და შედეგად 343-კაციან თემთა პალატაში 167 ადგილს მოიპოვებს, კონსერვატორები კი 41.6%-ს მიიღებენ და 145 ადგილი ექნებათ. უმრავლესობისთვის საჭიროა 172 ადგილი.

კონსერვატორების პარტიის ლიდერი, პიერ პოლიევრმა დამარცხება აღიარა და კარნის გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, ლიბერალურმა პარტიამ, გამარჯვების მიუხედავად, პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

"კანადელებმა უმცირესობის მთავრობა აირჩიეს, ხმების რაოდენობის მხრივ ფაქტობრივად ფრედ დასრულდა. ასე რომ, მსურს, პრემიერმინისტრ კარნის ამ უმცირესობის მთავრობის გაძღოლა მივულოცო. დებატისა და უთანხმოების მრავალი შესაძლებლობა მოგვეცემა, მაგრამ ამ ღამით ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, როგორც კანადელები. კანადას ყოველთვის პრიორიტეტს მივანიჭებთ, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ტარიფებსა და უპასუხისმგებლო მუქარებს ვუყურებთ". - თქვა პოლიევრმა. 

კანადური მედია CTV-ის წინასწარი მონაცემებით, ლიბერალური პარტია პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ხოლო CBS იტყობინება, რომ ამაზე მსჯელობა ნაადრევია.

არჩევნები ტრამპის განცხადებების გამო კანადასა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობდა. 

მანამდე, 28 მარტს აშშ-სა და კანადას შორის ახლად დაწყებული სავაჭრო დაპირისპირების ფონზე, ქვეყნების ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს. 

კანადის პრემიერმინისტრის, მარკ კარნის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასთან სატელეფონო საუბრისას "პატივი სცა კანადის სუვერენიტეტს". 

სატელეფონო ზარამდე 1 დღით ადრე კარნი ამბობდა, რომ აშშ "აღარ იყო სანდრო სავაჭრო პარტნიორი", ხოლო კანადის ძველებური ურთიერთობა აშშ-სთან "დასრულდა". 

კანადის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, რომელიც კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერია, ამავე დღეს პირობა დადო, რომ აშშ-ს "მაქსიმალურად გავლენიან" საპასუხო ტარიფებს დაუწესებს. 

კარნიმ, რომელმაც კანადის ყოფილი პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო 14 მარტს ჩაანაცვლა, ტრამპთან საუბარი შეაფასა, როგორც "ძალიან კონსტრუქციული". თავად ტრამპმა ზარს "უკიდურესად პროდუქტიული" უწოდა. 

როგორც BBC წერს, აშშ-ს პრეზიდენტის ტონი კანადასთან მიმართებით, წარსული განცხადებებისგან განსხვავებით, შერბილებული იყო.  კანადას ტრამპმა აქამდე "აშშ-ს 51-ე შტატი", ხოლო კანადის ყოფილი პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს "კანადის გუბერნატორი" უწოდა. 

კომენტარები