კანადა

ტორონტოში აშშ-ს საკონსულოს მიმართულებით უცნობმა პირებმა გაისროლეს

კანადელი პოლიციელები ტორონტოში, აშშ-ს საელჩოსთან
The Canadian Press

10 მარტს უცნობმა პირებმა ტორონტოში აშშ-ს საკონსულოს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს, შენობაში მყოფი ადამიანები არ დაშავებულან. ადგილობრივი პოლიცია თავდასხმის მოტივის დასადგენად მუშაობს.

პოლიციის ინფორმაციით, გასროლა ადგილობრივი დროით 10 მარტს, დაახლოებით 04:30 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა ვაზნების მასრები იპოვეს, განაცხადა ტორონტოს პოლიციის უფროსის მოადგილემ ფრენკ ბარედომ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბარედომ თქვა, რომ ამ დრომდე შეგროვებული მტკიცებულებების მიხედვით, თავდამსხმელები აშშ-ს საკონსულოსთან თეთრი მანქანით მივიდნენ. მისი თქმით, ავტომობილიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა და შენობას სავარაუდოდ პისტოლეტიდან ესროლა. შემდეგ ისინი კვლავ მანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან მიიმალნენ.

კანადელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს, მათ შორის FBI-ს, ხოლო ტორონტოსა და ოტავაში მდებარე აშშ-სა და ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დამატებითი უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული.

კომენტარები